ხელისუფლება და ოპოზიცია PACE-ს რეზოლუციის შეფასებებზე დავობენ
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ეთანხმება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციის მე-5 პუნქტის შინაარსს, ამ რეზოლუციის მხარდაჭერა სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ის საქართველოს მთავარ მოთხოვნებს ასახავს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, ამ რეზოლუციაში მთავარი წარმატებაა რუსეთის მიმართ მოწოდება, რომ მან შეცვალოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე.
”ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ და უახლოეს თვეებში ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთმა შეცვალოს ეს გადაწყვეტილება,”- განუცხადა ბოკერიამ 6 ოქტომბერს Civil.ge-ს, ”მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ზეწოლა გაგრძელდეს და მოხერხდეს რუსული აგრესიის ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დახევა”.
მისი თქმით, საქართველოს მოთხოვნებთან თანხვედრაშია ასევე ასამბლეის მოწოდებები რუსული ძალების 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნების, ევროკავშირის და ეუთოს დამკვირვებლების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაშვების და ახალი სამშვიდობო ფორმატის შემუშავების თაობაზე.
”ეს დოკუმენტი არის სერიოზული პოლიტიკური ჭიდილის შედეგი,”- აღნიშნა მან. ”ჩვენმა დელეგაციამ ძალიან ეფექტურად იმუშავა”.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელიც ასევე იმყოფებოდა სტასბურგში რეზოლუციის მიღებისას, განაცხადა, რომ ქართული დელეგაცია არ ეთანხმებოდა რეზოლუციის მე-5 პუნქტის ”არასწორ აქცენტებს”.
მე-5 პუნქტი ამბობს: ”ქართველი სამხედროების მიერ 2008 წლის 7 აგვისტოს, გაფრთხილების გარეშე, ცხინვალის დაბომბვის დაწყებამ ესკალაცია ახალ დონეზე გადაიყვანა, კერძოდ სიტუაცია ღია და ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა”.
თუმცა ამ პუნქტს წინ უძღვის შეფასება, რომ ომის დაწყება შედეგი იყო დიდი ხნით ადრე სიტუაციის ”სერიოზული” გაუარესების და პროვოკაციების. მე-6 პუნქტი კი რუსეთის ”კონტრიერიშის” დროს გამოყენებულ არაპროპორციულ ძალაზე საუბრობს. რეზოლუცია ომის მიზეზების გამოძიებისაკენ მოუწოდებს.
რეზოლუციის მხარდაჭერა ქართული დელეგაციის მიერ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა მისი ბრალეულობა აგვისტოს მოვლენებში, განაცხადეს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა და ახალი მემარჯვენეებიდან ფიქრია ჩიხრაძემ, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტიდან PACE-ს დელეგაციის წევრები იყვნენ ოპოზიციიდან.
”იქ [რეზოლუციაში] ნათქვამია, რომ იკვეთება სამხედრო-საომარი დანაშაულის ნიშნები ორივე მხრიდან, რაც აუცილებლად იქნება გამოძიებული. ეს არის ის ტექსტი, დაახლოებით, მილოშევიჩის დაპატიმრებას რომ უძღვოდა წინ,”- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა, ”აქედან შესაბამისი დასკვნების გაკეთებაც შეიძლება”.
ამ განცხადების საპასუხოდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოუწოდეს ოპონენტებს, რომ საერთო პროდუქტიულობის მიხედვით შეფასონ რეზოლუცია და არა ”კონტექსტიდან” ამოგლეჯილად.
”მე მოვუწოდებ ყველას, რომ დოკუმენტს შეხედოთ ისე, როგორც არის,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, ”თავი დაანებონ ქვეტექსტების, კონტექსტების და ცალკეული ამოგლეჯილი წინადადებების ანალიზს”.
”ეს დოკუმენტი არ გახლავთ საქართველოს ხელისუფლების ან საპარლამენტო დელეგაციის გამარჯვება, ეს არის ქვეყნის გამარჯვება ამ უმნიშვნელოვანეს ევროპულ ორგანიზაციაში,”- დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)