გიგა ბოკერია ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ
15 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს ეხება და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლებები ვერ იქნებიან იქ წარმოდგენილი როგორც მხარეები, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ 10 ოქტომბერს.
თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ თუ მოხდება შეთანხმება ისეთ ”ფუნდამენტალურ საკითხებზე”, როგორიცაა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული საოკუპაციო ძალების ჩანაცვლება საერთაშორისო სამშვიდობო ძალებით, ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპზე შესაძლებელი გახდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ყველა თემის ხელმძღვანელის ჩართვა.
”ყველა თემის წარმომადგენლებში” ბოკერიამ სავარაუდოდ მინიშნება გააკეთა სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაზე, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობს და ასევე აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაზე.
”არც ერთ ჯგუფს არ აქვს ექსკლუზიური უფლება მთელი თემი წარმოადგინოს,” – განაცხადა მან რადიო ”იმედის” ეთერში.
ბოკერიას თქმით, საჭიროა სამხრეთ ოსეთის ნაწილთან და ასევე აფხაზეთის მოსახლეობის იმ ”მნიშვნელოვან ნაწილთან” მუშაობა, რომლებიც არ მიიჩნევენ თავიანთ რეგიონებს საქართველოს ნაწილად. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს ამ რეგიონების განსხვავებული პოზიციის მქონე სხვა წარმომადგენლების იგნორირება.
ბოკერიას თქმით, 15 ოქტომბრის შეხვედრა ჟენევაში იქნება ”მოსამზადებელი შეხვედრა, რომელიც მოლაპარაკებების ფორმატს განსაზღვრავს”.
რუსეთი მოლაპარაკებებში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მონაწილეობას ითხოვს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა 8 ოქტომბერს, რომ 15 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი იქნება.
”წარმატების მისაღწევად საჭიროა, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩაერთოს ყველა მხარე და ასევე პატივი ეცეს ყველა მხარის პოზიციას,” – იტყობინება AFP სარკოზის სიტყვებზე დაყრდნობით. საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება ევიანის საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა თავის რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის წინ.
AFP-ი ასევე იტყობინება უცნობი ევროპელი დიპლომატის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს კრიზისის საკითხებში, პიერ მორელი მუშაობს იმაზე, თუ რა გზით შეიძლება ორი თვითგამოცხადებული რეგიონის წარმომადგენლების ჩართვა მოლაპარაკებებში.
”ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალო დეტალი,” – განაცხადა მან, თან იქვე დასძინა, რომ არსებობს გზები იმისათვის, რომ ”ისინი იქ იყვნენ, თუმცა არ მიუსხდნენ მაგიდას”.
საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების მიერ 8 სექტემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ჟენევის მოლაპარაკებები შემდეგ საკითხებს შეეხება:
• სტაბილურობა და უსაფრთხოება რეგიონში;
• დევნილთა დაბრუნება საერთაშორისო დონეზე აღიარებული პრინციპების და პოსტ-კონფლიქტური მოგვარების პრაქტიკის საფუძველზე;
• ნებისმიერი სხვა თემა დაემატება დღის წესრიგს მხარეებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე – შეთანხმება არ აკონკრეტებს მხარეებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)