პარლამენტმა კონსტიტუციაში რიგი შესწორებები მიიღო
პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით, საბოლოოდ დაამტკიცა კონსტიტუციური ცვლილებების ორი პროექტი – გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანების; და ასევე საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად საჭირო პარლამენტართა მინიმალური ზღვარის ექვსი დეპუტატით განსაზღვრის თაობაზე.
მიღებული ცვლილებების მიხედვით, პროკურატურის სისტემა იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება და მთავრობის ნაწილი გახდება, ხოლო მათ საერთო ხელმძღვანელობას იუსტიციის მინისტრი განახორციელებს.
საბოლოოდ შეთანხმებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს ენიჭება იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება. ეს უფლებამოსილება პრეზიდენტს აქამდე მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან მიმართებაში ჰქონდა.
მეორე საკონსტიტუციო შესწორების მიხედვით, შვიდიდან ექვსამდე მცირდება დეპუტატთა მინიმალური ზღვარი, რაც პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად არის საჭირო. აღნიშნული ცვლილება, მმართველ პარტიასა და საპარლამენტო უმცირესობას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგია.
პარლამენტმა დღესვე პირველი მოსმენით უყარა კენჭი კიდევ ერთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ახალი პარლამენტის არჩევისას მთავრობის გადადგომას და მის ხელახლა დამტკიცებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროცედურა მოქმედი კონსტიტუციით მხოლოდ პრეზიდენტის არჩევის შემდეგ იყო გათვალისწინებული.
”ეს მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებაა, რომლითაც ძლიერდება პარლამენტის როლი,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძე.
აღნიშნული ცვლილება თებერვალში წინა მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნის შედეგად იყო ინიცირებული, თუმცა ამ დრომდე მისი მიღება ვერ მოხერხდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)