ევროკავშირის დამკვირვებლები აუფეთქებელი ჭურვების შესახებ აფრთხილებენ
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დევნილთა ”სწრაფი დაბრუნება სასურველი მიზანია”, ეს პროცესი რამდენიმე პრობლემას უკავშირდება და ერთ-ერთი მათგანი აუფეთქებელი ჭურვების თემას ეხება.
მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდა, რათა სხვა საკითხებთან ერთად, ეს პრობლემაც განეხილა.
მისიამ აღნიშნა განცხადებაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა სერიოზული გამნაღვითი სამუშაოები, ”ომგამოვლილი ტერიტორიების გაწმენდას კიდევ დასჭირდება დრო”.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ 20 000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა თავიანთ სახლებში იმ ტერიტორიებზე, საიდანაც რუსული ძალები გავიდნენ 8 ოქტომბერს. მან ასევე გააფრთხილა დაბრუნების მსურველები, რომ ”ფრთხილად იყვნენ ნაღმებთან და აუფეთქებელ ჭურვებთან დაკავშირებით”. ”უკვე დაფიქსირდა დაშავებულთა გარკვეული რაოდენობა,” – განაცხადა კომისარიატმა.
დეპუტატმა კობა სუბელიანმა მმართველი პარტიიდან განაცხადა რადიო ”უცნობის” ეთერში 9 ოქტომბერს, რომ მას შემდეგ, რაც დეოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლი ქართულმა პოლიციამ აიღო, დევნილებს შეუძლიათ უკან დაბრუნება.
”ელჩმა ჰაბერმა შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ დევნილებს აქეზებენ სწრაფად დაბრუნდნენ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ჯერ არ არის განაღმული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,” – განაცხადა მონიტორინგის მისიამ ჰაბერის ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, ”ამის გამო მოსახლეობა შესაძლოა სერიოზული რისკის წინაშე დადგეს. აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება აუფეთქებელი ნაღმებით გამოწვეული რისკების თაობაზე”.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული ძალების გაყვანის შემდეგ მისიის ძირითადი ყურადღება მიმართულია ამ რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციისაკენ.
მისიამ ასევე ხაზი გაუსვა ევროპელ დამკვირვებლებსა და ქართველ სამართალდამცავებს შორის არსებულ კონსტრუქციულ თანამშრომლობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)