რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირანში საქართველოზე მსჯელობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან ირანში ვიზიტის დროს ”დეტალურად” განიხილა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება აგვისტოს ომის კონტექსტში.
მისი თქმით, რუსეთმა ”შესაბამისად შეაფასა” ირანის პოზიცია აგვისტოში განვითარებულ მოვლენებზე და ასევე რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისკენ მიმართული ირანის ინიციატივები. ”ვიმედოვნებთ, რომ ირანი დააკონკრეტებს თავის მიდგომებს ამ საკითხზე. პრინციპში, ამ ინიციატივაზე მუშაობამ შესაძლოა თავისთავად შეიტანოს წვლილი ამიერკავკასიაში სიტუაციის სტაბილიზაციის საქმეში,” – განაცხადა მან, თუმცა ირანის ინიციტივების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩარ მოთაქიმ 17 სექტემბერს თბილისში საქარველოს ხელმძღვანელობასთან გამართა მოლაპარაკებები. თბილისში ჩამოვლამდე მოთაქი რუსეთს, აზერბაიჯანს და გერმანიას ესტუმრა. ხოლო 16 სექტემბერს იგი თავის სომეხ კოლეგას ედუარდ ნალბანდიანს შეხვდა; ეს უკანასკნელი თბილისში 12 სექტემბერს იმყოფებოდა.
”ჩვენი სამუშაო არ არის შუამავლობა,” – იტყობინება ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA მოთაქის სიტყვებზე დაყრდნობით. მას ეს განცხადება თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და იქვე დასძინა, რომ ”იდეების წარმოდგენა შეიძლება კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს”.
მოთაქიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში აგვისტოში მომხდარი მოვლენები ”სამწუხაროა” და რომ ირანი ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს რეგიონში ”უსაფრთხოების და სტაბილურობის აღდგენის მიმართ ჩვენი მგრძნობიარე დამოკიდებულების გამო”.
23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა, რომ ნატოს ”პროვოკაციები”, ”ზოგიერთი დასავლური სახელმწიფო” და ”სიონისტების ფარული ქმედებებია” დამნაშავე საქართველოში აგვისტოში მომხდარი ომის გამო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განუცხადა ”რია ნოვოსტის”, რომ მან აცნობა ირანულ მხარეს საქართველოსთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციის შესახებ 15 ოქტომბრის ჟენევის მოლაპარაკებების კონტექსტში.
”ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ დისკუსიები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე უნდა გაგრძელდეს იმაზე ფოკუსირებით, რომ არ იქნას დაშვებული თბილისის ხელახალი მილიტარიზაცია. ზოგიერთი წრეები, მათ შორის ზოგიერთი მთავრობები და არა მხოლოდ ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის აქეთკენ მიდიან,” – განაცხადა რიაბკოვმა. ”ეს ტენდენცია ჩვენ გვაშფოთებს და ამას შევეწინააღმდეგებით”.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა 15 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნა საქართველოსთვის თავდასხმითი იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს პირველი რიგის მოთხოვნას რუსული ძალის უპირატესობის გათვალისწინებით.
რიაბკოვმა ასევე აღნიშნა ინტერვიუში, რომ თბილისის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან ძალის არ გამოყენების თაობაზე სავალდებულო შეთანხმებების ხელმოწერა უნდა გახდეს პრიორიტეტული ამ ორ რეგიონთან დაკავშირებით საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)