სააკაშვილის ჩვენება კომისიაზე – სრული ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე, 28 ნოემბერი 2008 წელი
საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაია:
მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო.
დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მობრძანებისათვის. როგორც ცნობილია, პარლამენტის დადგენილებით შექმნილია დროებითი საპარლამენტო კომისია, რომელიც აგვისტოს მოვლენებს შეისწავლის. ამ კომისიის მანდატით არ არის გათვალისწინებული პრეზიდენტის დაბარება, თუმცა თქვენ თავად გამოთქვით ჩვენთან მოსვლის სურვილი. აქედან გამომდინარე, ხართ თუ არა მზად, ითანამშრომლოთ კომისიასთან და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში მოგვაწოდოთ ინფორმაცია?
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:
რა თქმა უნდა, ბატონო პაატა. მზად ვარ სრულად ვითანამშრომლო საპარლამენტო კომისიასთან. მზად ვარ, ამომწურავად ვუპასუხო იმ შეკითხვებს, რომლებიც გაქვთ თქვენ და ასევე ქართულ და მსოფლიო საზოგადოებრიობას.
პაატა დავითაია:
დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო. მუშაობის სტილი ასეთია – ჩვენ დავსვამთ რამდენიმე შეკითხვას, თქვენ კი უპასუხებთ. მუშაობას ამ რეჟიმით გავაგრძელებთ.
როგორც ცნობილია, საქართველოს წინააღმდეგ ღია აგრესია არ დაწყებულა აგვისტოში, აგვისტოს მოვლენებს გარკვეული წინაპირობა ჰქონდა. ამ საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში დაგროვდა ძალიან ბევრი მკვეთრი შეკითხვა. აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ: რატომ ვერ შეძლო საქართველომ თავიდან აეცილებინა ეს კონფლიქტი, უფრო სწორად, არ წამოგებოდა პროვოკაციას? აწარმოებდა თუ არა დიპლომატიურ აქტივობას იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა კონფლიქტის ესკალაცია და კეთდებოდა თუ არა საამისოდ ყველაფერი? როგორც ცნობილია, თებერვალში თქვენ შეხვდით პრეზიდენტ პუტინს, ხოლო შემდგომ უკვე პრეზიდენტ მედვედევს მოსკოვსა და ასტანაში. დაგრჩათ თუ არა თქვენ ისეთი შთაბეჭდილება შეხვედრის შემდეგ, რომ რუსეთი ემზადებოდა სამხედრო აგრესიისათვის, რაც განხორციელდა კიდეც აგვისტოში? თუ შეიძლება ამ მიმართულებით გვიპასუხეთ და შემდეგ კომისიის წევრები შეკითხვებს დამატებით დასვამენ.
მიხეილ სააკაშვილი:
ბატონო პაატა, ჩავინიშნე თქვენი შეკითხვები, მაგრამ კომისიის წევრების ნებართვით, ჯერ განცხადებას გავაკეთებ და შემდეგ თქვენს შეკითხვებს გავცემ პასუხს.
უწინარეს ყოვლისა მინდა მივესალმო იმ ფაქტს, რომ ასეთი კომისია შეიქმნა.
ეს ძალზე ნათელი დასტური და დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველო აგრძელებს გზას დემოკრატიზაციისკენ.
ის რაც ხდება პარლამენტში და, ზოგადად, ამ კვირების განმავლობაში, ნამდვილად ისტორიული პროცესია და დიდი პატივი მაქვს ვიყო ამ ისტორიული პროცესის ნაწილი.
ჩვენ ყველანი ერთად და ჩვენს მეგობრებთან ერთად ვქმნიდით ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას. ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებდით ამ ინსტიტუტებს.
ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ყოველწლიური მიმართვის გარდა, პრეზიდენტი პარლამენტში ოფიციალურად არასდროს არ მოსულა.
აქ ესწრებიან პარლამენტის წევრები უმრავლესობიდან, მაგრამ კომისიის თავმჯდომარე არის ოპოზიციის წარმომადგენელი, ასევე ოპოზიციური პარტიებიდან არიან კომისიის წევრები.
მინდა გავიხსენო, რომ ერთი წლის წინათ აქ მსხდომი პოლიტიკოსები სხვა და სხვა მხარეს იყვნენ – შენობის გარეთ და შენობის შიგნით.
ჩვენ გვყოფდა თითქმის გადაულახავი უფსკრული, ჩვენ დღესაც გვაქვს სერიოზულად განსხვავებული აზრი, მაგრამ ის, რომ შევძელით შევკრებილიყავით ერთ ოთახში, ერთ შენობაში და ყველა შეკითხვას გავცეთ პასუხი, გავმართოთ დებატები, დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ და მკვეთრად კრიტიკულად მივუდგეთ ერთმანეთს, მაგრამ ყველაფერი მოვაქციოთ საქართველოს საპარლამენტო და ინსტიტუციურ ფარგლებში, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.
მინდა რაღაც შევახსენო იმ უცხოელებს, რომლებსაც მომხდარის დავიწყება სურთ, თუმცა ჩვენი მდგომარეობა პოლონეთის პრეზიდენტმა ნათლად შეახსენა ყველა ევროპელ კოლეგას.
საქართველოს მიმართ განახორციელეს აგრესია, რომელიც დღესაც გრძელდება – თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში დგას ოკუპაციური ჯარი, რომელიც ღიად და უკანონოდ ახორციელებს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას და შეიარაღებული ძალის გამოყენებით, ღიად ემუქრება ჩვენს მოქალაქეებს.
ამ ვითარებაში – ამ მასშტაბის აგრესიის პირობებში, ძალიან ბევრ ქვეყანას ექნებოდა ცდუნება გაემკაცრებინა პოლიტიკური სისტემა, პირი აეკრა ოპოზიციისა და მასმედიისთვის, გაეკონტროლებინა ეკონომიკა, მაგრამ ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ ყოფილიყო სიტყვისა და პრესის მეტი თავისუფლება, მეტი საპარლამენტო დისკუსია, გაგვეზარდა პარლამენტის უფლებები, გაგვეგრძელებინა სასამართლო რეფორმები და ბოლოს და ბოლოს შექმნილიყო ეს კომისია, რომელიც თავისთავად უნიკალურია. ეს ჩვენი ერთობლივი, ყველაზე ზუსტი პასუხია ამ აგრესიული ქმედებების მიმართ.
ჩვენი პასუხი ამ აგრესიაზე არის მეტი გახსნილობა, მეტი დემოკრატია, მეტი მოქნილობა, რათა ყველას დავანახოთ, რომ ჩვენი იმუნიტეტი სწორედ ამ გახსნილობაშია.
დემოკრატიულ სისტემას აქვს სისუსტეც, მაგრამ აქვს ისეთი სიძლიერეც, რომელსაც მოწინააღმდეგე ნამდვილად ვერ შეძლებს გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი მომავლის წინააღმდეგ.
ამიტომაც არ გავურბივართ არც ერთ შეკითხვას – მთავრობის წევრებს მკაცრი ინსტრუქცია ჰქონდათ ეპასუხათ ყველა შეკითხვაზე.
მივესალმები იმას, რომ თქვენ ყველა ტიპის ადამიანი მოიწვიეთ, ყველა აზრი, რომელთაგან ბევრი ერთმანეთს ემთხვევა და ბევრი სრულიად გასხვავებულია, მოისმინეთ ბევრი სიმართლე, მაგრამ ბევრი ტყუილიც.
ვიმედოვნებ, რომ თქვენი დასკვნა იქნება ობიექტური – ეს არის მთავარი.
კითხვა ბევრია არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც და, როგორც ჩანს, მთავარი კითხვა, რომელიც დღეს საერთაშორისო საზოგადოებრიობას აწუხებს არის: განახორციელა თუ არა საქართველომ სამხედრო მოქმედებები ცხინვალისა და სამხრეთ ოსეთის იმ ტერიტორიების საკონტროლებლად, რომლებსაც მანამდე ვერ ვაკონტროლებდით.
თქვენ იცით, რომ ეს დებატების უმთავრეს კითხვად იქცა. მრავალმილიონიანი კამპანიის შედეგად ასობით მილიონს ხარჯავს ჩვენი მოწინააღმდეგე იმისათვის, რომ თუ საკუთარი როლის ”გათეთრებას” ვერ შეძლებს (არ გათეთრდების ყორანი…), მაქსიმალურად ”გააშავოს” საქართველო ან შექმნას ბუნდოვანი ფერები, რათა ადამიანი ვერ გაერკვეს სად სიმართლეა და სად ტყუილი.
ამისათვის აწარმოებენ უზარმაზარ საინფორმაციო კამპანიებს, ხდება სხვადასხვა ადამიანის მოსყიდვა, რათა ღიად იცრუონ. უნდა ითქვას, რომ ამ კამპანიამ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში გარკვეული შედეგი გამოიღო.
რეალურად, ზემოთქმული შეკითხვა წარმოადგენს მთავარი შეკითხვებისგან მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობას.
არადა, არც მე, არც მთავრობის სხვა წევრებს არასდროს საპირისპირო არ გვითქვამს. საკითხს ისე აყენებენ, თითქოს ჩვენ ამას უარვყოფთ – კითხვაზე, განახორციელა თუ არა საქართველომ სამხედრო მოქმედებები ცხინვალისა და სამხრეთ ოსეთის იმ ტერიტორიების საკონტროლებლად, რომლებსაც მანამდე ვერ ვაკონტროლებდით, მინდა განვაცხადო, დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში საკუთარი სამშობლოსა და მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად.
ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი ქვეყნისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიული ხელისუფლება.
ეს გადაწყვეტილება იყო გარდაუვალი ორი მთავარი გარემოების გამო:
პირველი – ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე, როკის გვირაბთან რუსეთის არმიის ასობით ტანკი, მძიმე ტექნიკა, საარტილერიო დანადგარი და ათასობით სამხედრო იყო მობილიზებული. ჩვენ დავიწყეთ უტყუარი, დადასტურებული სადაზვერვო მონაცემების მიღება და თქვენ ეს მონაცემები ნახეთ კიდეც – მათ დაიწყეს მოძრაობა და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა.
ეს ფაქტი მოგვიანებით დაადასტურა მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა, გამოქვეყნებულია სატელეფონო საუბრები, შესწავლილია ბევრი მასალა მოპოვებული როგორც ინტერნეტიდან და ღია წყაროებიდან, ისე სადაზვერვო წყაროებიდან. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ღია წყაროები ისეთივე სარწმუნოა, როგორიც სადაზვერვო, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტადაც.
ამ დროს საქართველოში შემოსვლის ფაქტი არ და ვერ უარყო თავად რუსეთის ფედერაციამაც.
ფართომასშტაბიანი ინტერვენციის წინა დღეს, 6 აგვისტოს ჩვენ მოგვიკლეს მშვიდობისმყოფელები, რაც თვის დასაწყისიდან განხორციელებული ძალადობის გაგრძელება იყო.
იმ ღამეს და შემდეგი დღის განმავლობაში ჩვენს მიერ კონტროლირებადი სოფლების ინტენსიური დაბომბვა გრძელდებოდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ იყო ქართული სოფლები, როგორც ისინი ახასიათებდნენ, ეს იყო შერეული ეთნოსით, ქართველებითა და ოსებით (ჩვენ მათ არასდროს არ ვყოფდით) დასახლებული სოფლები.
ეს ის სოფლებია, რომლებსაც წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა და სადაც ყველა ეთნიკური წარმომადგენლობის ადამიანი ერთნაირად გვიყვარს, ერთნაირად ვცემთ პატივს, ერთნაირად ვიცავდით და მომავალშიც ასე იქნება.
მოწინააღმდეგის არტილერია ძირითადად განლაგებული იყო ცხინვალში, რუსი მშვიდობისმყოფელების პოზიციებსა და მათ გარშემო.
ეს თავად სამშვიდობო ძალების სარდალმა, გენერალმა კულახმეტოვმაც დაადასტურა.
ასეთ პირობებშ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)