რუსეთის საგარეო უწყება: ნატო რეალისტურ პოზიციებს უბრუნდება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნატომ ”გაიაზრა ის რისკები”, რომელიც საქართველოსა და უკრაინის ალიანსში დაჩქარებულ მიღებას უკავშირდება და ამიტომ ამ ქვეყნებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე დადებითი გადაწყვეტილება არ მიიღო.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა 4 დეკემბერს თავის ტელე-პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ MAP-თან დაკავშირებული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ”პოზიტიური სიგნალი” იყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან რუსეთის მისამართით.
”უკრაინას და საქართველოს უარი უთხრეს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე, ჩვენ უკვე ექსპერტულ დონეზე იმ ადამიანებისაგან, რომელიც ძალიან ახლოს არიან ახლადარჩეულ პრეზიდენთან [ბარაკ ობამასთან], მის გარემოცვასთან, ვისმენთ, რომ არ არის საჭირო ამის [ნატოში ინტეგრაციის პროცესის] დაჩქარება, არ არის საჭირო რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება,”- განაცხადა პუტინმა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის ამგვარ პრაქტიკულ ქმედებებზე რუსეთის ”რეაქციაც ადეკვატური იქნება”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც 2-3 დეკემბერს ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგებს ეძღვნება, აღნიშნავს, რომ ალიანსი უბრუნდება ”რეალიზმის პოზიციებს” გადაწყვიტა რა განაახლოს არაფორმალური ურთიერთობები რუსეთთან ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში. ოფიციალურ დონეზე ეს ურთიერთობები აგვისტოში ქართულ-რუსული კონფლიქტის გამო შეწყდა.
”რა თქმა უნდა, ჩვენს შემდგომ ურთიერთობებში ნატოსთან არ შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ აგვისტოს გაკვეთილები, როცა ალიანსმა არ გადადგა ნაბიჯები თბილისის ავანტიურის თავიდან ასაცილებლად, დაიკავა ცალმხრივი პოზიცია თბილისის დასაცავად,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ მოსკოვს არ სურს ახალი ”ცივი ომი” და ახალი ”გამყოფი ხაზები თუ რაიონები” ევროპაში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ალიანსის ქვეყნების უმრავლესობამ ასევე გაიაზრა რუსეთთან დიალოგის არ არსებობის კონტრპროდუქტიულობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)