საქართველოს პატრიარქი უცხოელ დიპლომატებს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას დაემატა კიდევ ერთი პრობლემა და ეს არის დაძაბულობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
გუშინ საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზე მან იმედი გამოთქვა, რომ ამგვარი ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება.
”მოგეხსენებათ, რომ საქართველო იმყოფება გარდამავალ პერიოდში. რჩება პრობლემები, რომლებიც გადაჭრილი არ არის. ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ იმედით. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი აღდგება და ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი,” – განაცხადა პატრიარქმა. ”მთავრობაშიც და ოპოზიციაშიც არიან ჭკვიანი ადამიანები და მე ვფიქრობ, რომ ისინი აუცილებლად გამონახავენ საერთო ენას. ალბათ, უნდა მოუსმინონ ერთმანეთს. მე ვფიქრობ, რომ დიდხანს არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება გაგრძელდეს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)