რუსული ცნობები აფხაზეთში ძალების განთავსების გეგმებზე

რუსულ მედიაში ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება აფხაზეთში რუსული T-90 ტიპის საბრძოლო ტანკების განთავსებასთან დაკავშირებით.

რუსული გაზეთი ”ვედომოსტი” წერდა 19 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომ რუსეთმა უკვე განათავსა აფხაზეთში T-90 ტიპის საბრძოლო ტანკები – ყველაზე თანამედროვე ტიპის ტანკები რუსულ არმიაში. 

თუმცა, იმავე დღეს ”ინტერფაქსი” იტყობინება ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, რომ აფხაზეთში T-90 ტიპის საბრძოლო ტანკების განთავსების გეგმები არ არსებობს.

”აფხაზეთში ასეთი სამხედრო ტექნიკის ადგილი არ არის,” – იტყობინება ”ინტერფაქსი” წყაროზე დაყრდნობით. ”პირველ რიგში, ადგილობრივი ლანდშაფტი აფხაზეთში თავისი მთიანი ზონებით არ იძლევა T-90-ის ეფექტურად გამოყენების საშუალებას. და მეორე მხრივ, სამხედრო ბაზას [აფხაზეთში] არ ევალება ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების განხორციელება”.

იმავე წყაროს ცნობით, ამის სანაცვლოდ რუსულ სამხედრო ძალებს აფხაზეთში ეყოლებათ მსუბუქი ჯავშანტექნიკა, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები.

”T-62 ტიპის ტანკების უმნიშვნელო რაოდენობა, რომელთაც კარგი შესაძლებლობები უჩვენეს ჩეჩნეთის მთიან ზონებში საბრძოლო ოპერაციების დროს, ასევე ხელმისაწვდომი იქნება” რუსული ძალებისთვის აფხაზეთში, განაცხადა წყარომ. 

იმავე ინფორმაციით, რუსეთი აპირებს საზენიტო სისტემის S-300-ის განთავსებას გუდაუთის სამხედრო აეროდრომის დაცვის მიზნით, სადაც ასევე განთავსდება რუსეთის საჰაერო ძალების შენაერთი. ამავე ინფორმაციის თანახმად, გუდაუთაში ასევე იგეგმება საჰაერო თავდაცვის შენაერთის განთავსება, რომელსაც ექნება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ”ტუნგუსკა”.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე კოლმაკოვმა განაცხადა 19 მაისს, რომ რუსული სამხედრო ძალები ახლა ფიქრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალების გრძელვადიანი განთავსების ფორმებზე.

”ჩვენ ახლა ვსწავლობთ ამ საკითხს. შესაძლოა არ არსებობს მიზეზი ბაზების სრულფასოვანი განთავსებისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. ამ ძალების ნაწილი შესაძლოა განთავსდეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე,” – იტყობინება ”ინტერფაქსი” კოლმაკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი შესწორებებს შეიტანს ჩრდილოეთ კავკასიაში მომდევნო თვეში დაგეგმილ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებში. ”ჩვენ თვალს ვადევნებთ და ვაფასებთ ყველაფერს, რაც ხდება იქ [საქართველოში პარტნიორობა მშვიდობისთვის ფარგლებში ჩატარებული წვრთნების დროს],” – განაცხადა მან.

მისი თქმით, კავკაზ-2009 სამხედრო წვრთნები დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიც ტარდებოდა საბჭოთა კავშირის დროს, რომლის დროსაც ჩრდილოეთ კავკასიის თითქმის ყველა შენაერთი და რუსეთის სხვა ნაწილებში განთავსებული რამოდენიმე ნაწილიც მიიღებს მონაწილეობას.  

იმავდროულად, დაახლოებით 800 რუსი მესაზღვრე პოზიციებს იკავებს აფხაზეთის ”სახელმწიფო საზღვარზე” რუსეთთან 30 აპრილს დადებული შეთანხმების ფარგლებში.

რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახურმა, რომელიც ფედერალური უშიშროების სამსახურს ექვემდებარება, განაცხადა, რომ იგი თვის ბოლოსთვის დაასრულებს აფხაზეთში მისი შენაერთის სტრუქტურულ ფორმირებას.

შეიქმნება ორი განყოფილება – ერთი სახმელეთო საზღვარს გააკონტროლებს და მისი შტაბი გალის რაიონში იქნება, ხოლო მეორე საზღვაო პერიმეტრს და მისი შტაბი გაგრაში იქნება. რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახურის ქვედანაყოფმა, რომელიც აფხაზეთს კურირებს, აღნიშნა, რომ სულ ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტი იმუშავებს. ამის შესახებ ”აფსნიპრესი” იტყობინება. როგორც კი სტრუქტურული მოწყობის პროცესი დასრულდება, რუსი მესაზღვრეები დაიწყებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას საზღვარზე აფხაზურ ძალებთან ერთად.

იმავდროულად, რუსული მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ აფხაზეთში 17 მაისს ჩავიდა 33 ექიმი რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ცენტრალური საავადმყოფოდან, რათა ”სამედიცინო მომსახურება აღმოუჩინონ გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის ადგილობრივ მოსახლეობას”. ამავე ინფორმაციით, ექიმების კიდევ ერთი ჯგუფი აფხაზეთში 23 მაისს ჩავა. რუსული წყაროების ცნობით, რუსეთმა 15 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა აფხაზეთში, მათ შორის სასკოლო ინვენტარი და მედიკამენტები.  

  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)