უკანდახევა არ იქნება – აცხადებენ ოპოზიციის ლიდერები
პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეთა ნაწილი გაემართა რკინიგზის გადასაკეტად, ნაწილი კი, როგორც ლიდერებმა მოუწოდეს, ძირითადად, ქალები, რუსთაველის გამზირზე დარჩნენ.
ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის ლიდერებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც მომიტინგეებმა მათგან ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებები დაჟინებით მოითხოვეს. რკინიგზის სადგურისკენ მომიტინგეებს, რომლებიც უკვე უახლოვდებიან დანიშნულების ადგილს, გაუძღვნენ ნინო ბურჯანაძე, დავით გამყრელიძე, სალომე ზურაბიშვილი, ეკა ბესელია.
ლიდერებს შორის პარლამენტის წინ ტრიბუნაზე ასევე წარმოდგენილნი იყვნენ ზვიად ძიძიგური, ლევან გაჩეჩილაძე, ირაკლი ბათიაშვილი, კოკა გუნცაძე.
მომიტინგეებთან ასევე მივიდა მომღერალი გიორგი გაჩეჩილაძე და ტრიბუნიდან განაცხადა, რომ პატრიარქს დღეს სხვა განცხადება უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ხელისუფლებამ შეაცვლევინა გადაწყვეტილება.
”მე გეტყვით ახლა დღეს რა მოხდა და თქვენ თვითონ განსაჯეთ. დღეს საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი იყო აყვანილი ”პლენში”, იმიტომ რომ ის, რა განცხადებაც უნდა გაეკეთებინა მას დღეს, ის არ გააკეთებინეს. უთხრეს, შეაშინეს, მაგრამ არა უშავს ვიბრძოლებთ ბოლომდე”- განაცხადა მან მიტინგზე.
მან ასევე თქვა, რომ არ იყო მომხრე რკინიგზის გადაკეტვის და რადიკალური ნაბიჯების, თუმცა ”არ ისვენებენ და თავისას მიიღებენ… სანამ ამ ძარღვებში სისხლი ჩქეფს სააკაშვილის ხელისუფლება ვეღარ იბოგინებს და ვეღარ იმეფებს”.
რკინიგზის გადაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება ლიდერებმა უკმაყოფილო ხალხის შეძახილების ფონზე რამდენიმე წუთიანი თათბირის შემდეგ მიიღეს. თუმცა, მანამდე პირველმა ეკა ბესელიამ განაცხადა: ”ჩვენ ახლა უნდა დავიძრათ, წავიდეთ და გადავკეტოთ რკინიგზა. ამის მერე დავკეტავთ აეროპორტის გზას”.
”მისი უწმინდესობა ვერ გააკეთებდა ან ვერ გააკეთებინებდნენ მას იმ განცხადებას, რაც ჩვენ გვინდოდა. მაგრამ მას არ უთქვამს ჩვენთვის, რომ ჩვენ არ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ ჩვენ. მაგრამ ის, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ, იმას ვერ გააკეთებს ჩვენი პატრიარქი,”- განუცხადა მან მომიტინგეებს.
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ არ არსებობდა მოლოდინი, რომ ”პატრიარქი გვეტყოდა, რომ წადით ახლა და მიშა ჩამოაგდეთო. ამას არ იტყოდა პატრიარქი”.
მისი თქმით, ოპოზიცია მხოლოდ ემოციებით ვერ იმოქმედებს. ”ჩვენ ყველანი პასუხისმგებელი ვართ ერთმანეთზე და უპირველეს ყოვლისა ჩვენს ქვეყანაზე. ამიტომ ჩვენი ქმედებები უნდა იყოს ძალიან მწვავე, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე,”- განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ბრძოლა გაგრძელდება კანონიერად, მაგრამ ძალიან აქტიურად.
”იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევეგუებით იმ ხელისუფლებას, რომელიც არ არის კანონიერი, პრაქტიკულად კრიმინალების ხელისუფლებაა,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”ჩვენ ვაპირებთ ყველა იმ ქმედების განხორციელებას, რომელიც საბოლოო ჯამში, ძალიან მოკლე დროში ჩვენ მიგვიყვანს სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლამდე, სააკაშვილი გადადგება”.
საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არსებობდა გეგმა, რომელიც სტადიონზე ”შეაჩერეს”.
”ჩვენ გვქონდა გეგმა და ეს გეგმა გააჩერეს და იქ [სამებაში] წავედით. ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო, თურმე,”- განაცხადა მან.
სამებაში მსვლელობისკენ სტადიონზე შეკრებილ ათასობით მომიტინგეს გიორგი გაჩეჩილაძემ მოუწოდა და განაცხადა, რომ პატრიარქი ”დაგვანახებს გზას მომავლისკენ” იმ პირობებში, როცა ”ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება”. წინა ღამით ის პატრიარქს შეხვდა.
სამების ეზოში რამოდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, ეკლესიაში თბილისის მერი გიგი უგულავა და საკრებულოს თავმჯდომარე მივიდნენ, რასაც ხალხის მწვავე საპროტესტო შეძახილები მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი პატრიარქს შეხვდნენ, თუმცა უცნობია იმყოფებოდა თუ არა ამ შეხვედრაზე ვინმე ოპოზიციიდან. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის თქმით, სამებაში შს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც იმყოფებოდა.
შემდეგ პატრიარქმა იქადაგა და მოსახლეობას ერთმანეთის მოსმენისკენ მოუწოდა.
”დღეს, აი უკვე თითქმის თვენახევარია, ნაწილი ჩვენი მოსახლეობისა თხოულობს პრეზიდენტის გადადგომას. მე მინდა ვთქვა, რომ ეს იმდენად რთული საკითხია და საერთოდ თითქოს წესად იქცა ჩვენში და პირველი პრეზიდენტი, მეორე პრეზიდენტი იყვნენ გადაყენებული და თქვენ იცით ამ გადაყენებამ რა მოგვიტანა,”- განაცხადა მან, ”ხომ არ იქნება, მე ამას ვამბობ უბრალოდ, როგორც ჩემ აზრს, ხომ არ იქნებოდა უფრო სწორი, რომ ჩვენ მოვუსმინოთ ერთმანეთს. ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი მოსმენისა, ყველას – პარტიარქსაც, პრეზიდენტსაც, ერის ადამიანს და ჩვეულებრივ ადამიანს”.
”ჩვენ ვართ ერთი ერი და ჩვენ გვჭირდება ერს ერთსულოვნება. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა თავისი ნებით გადაწყვიტოს ეს საკითხები, რომელიც დგას ჩვენს წინაშე,”- აღნიშნა პატრიარქმა.
სამების ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: ”პატრიარქმა არ მოგვისმინა და ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას”. თუმცა შედარებით ზომიერი განცხადებები გააკეთეს სხვა ლიდერებმა. სამების ეზოში შეკრებილი ადამიანები იმედგაცრუებას გამოხატავდნენ და მიმართავდნენ პოლიტიკოსებს, რომ ისინი ამდენი ხალხის შეკრებას ვეღარ მოახერხებდნენ. ლევან გაჩეჩილაძემ ხალხის მოთხოვნის შესაბამისად მოუწოდა მათ პარლამენტის წინ გადანაცვლებულიყვნენ.
რუსთაველის გამზირზე საკმაოდ მრავალრიცხოვანი მანიფესტაციით მისვლის შემდეგ მომიტინგეებს ოპოზიციის ლიდერებიდან მხოლოდ ლევან გაჩეჩილაძე მიმართავდა. დანარჩენი ლიდერები ტრიბუნაზე არ იდგნენ. ხალხი მისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვდა. მან განაცხადა, რომ ბრძოლა გრძელდება, თუმცა ასევე თქვა, რომ ”მე სამოქალაქო სისხლისღვრას ვერ მოვაწერ ხელს, ნუ უყურებთ პროცესს ისე, რომ ამდენი ხალხი შევიკრიბეთ და მერე სადღაც უნდა შევარდეთ”.
მოგვიანებით, ტრიბუნა უცნობმა ქალმა დაიკავა და განაცხადა, რომ თავს გრძნობს ისე, თითქოს ”სულში ჩააფურთხეს”. ამ პერიოდში დაძაბულობის ტემპერატურა ხალხში საკმაოდ მაღლა იყო აწეული და ლიდერებს, რომლებიც მოგვიანებით გამოჩნდნენ ტრიბუნასთან, დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოსულიყო. მათ საბოლოოდ რკინიგზის პიკეტირებისკენ მოუწოდეს.
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჯერ კიდევ სტადიონზე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ისეთ აქციებში, როგორიცაა მაგისტრალების გადაკეტვა, ის მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა საერთო ჯამში ოპოზიციასთან შეთანხმებულად იმოქმედებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)