პატრიარქი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებს

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ”სერიოზული და ფეთქებადსაშიში” დაძაბულობის  განსამუხტავად უნდა გადადგას ”ქმედითი ნაბიჯები”, იქნება ეს ”რიგგარეშე არჩევნები, მოლაპარაკებები თუ სხვა”.

საპატრიარქომ ასევე განმარტა 26 მაისს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადების მოტივები, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა სისხლისღვრის ”რეალური საფრთხე” ააცილა.

”26 მაისს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წარმოთქმულმა ქადაგებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რადგან მისი შინაარსი მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერ პოზიციად იქნა აღქმული,”- ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში, ”ეკლესია არის ერის გამაერთიანებელი ძალა და მოწოდებულია მშვიდობისთვის. ჩვენი გუშინწინდელი  განცხადებაც გაკეთდა შექმნილი რთული სიტუაციის განმუხტვის მიზნით”.

”ცნობილი იყო, რომ ხელისუფლება არ აპირებდა კომპრომისზე წასვლას, ხოლო მომიტინგეების მკვეთრი ქმედებების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო შეტაკება და სისხლისღვრა. ერის ინტერესებიდან გამომდინარე, ეკლესიამ თავის თავზე აიღო მძიმე ტვირთი და გადადგა ისეთი ნაბიჯი, რაც ამ რეალურ საფრთხეს ააცილებდა ჩვენს ხალხს. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოიწურა,”- აცხადებს პატრიარქი,”სიტუაცია კვლავ სერიოზული და ფეთქებადსაშიშია. ვფიქრობთ, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას  დაძაბულობის განმუხტვისთვის, იქნება ეს რიგგარეშე არჩევნები, მოლაპარაკებები თუ სხვა”.

ამ განცხადების გავრცელებამდე სამების ტაძარში დღეს ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა წირვა-ლოცვა აღავლინა, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და თბილისის მერი გიგი უგულავა. ეს უკანასკნელი სამების ტაძარში 26 მაისს მაშინაც მივიდა, როცა ოპოზიციის მხარდამჭერები საკათედრო ტაძარსა და მის ეზოში პატრიარქის სიტყვას ელოდებოდნენ.

ოპოზიციის განცხადებით, უგულავამ, რომელიც ეკლესიაში პატრიარქს შეხვდა, გარკვეული გავლენა მოახდინა მისი განცხადების შინაარსზე, რომელიც ოპოზიციონერთა თქმით, სხვაგვარი უნდა ყოფილიყო. თავის ქადაგებაში 26 მაისს პატრიარქმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს მოუსმინონ ერთმანეთს, უარი თქვან კატეგორიულობაზე და ამპარტავნებაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტების ცვლის არსებულ პრაქტიკას ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)