მოსკოვი დაჟინებით ითხოვს ეუთოს ცალკე მისიას ცხინვალში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია ეუთოს ორი დამოუკიდებელი მისიის შექმნის საჭიროებაზე ცხინვალში და თბილისში, რათა აისახოს აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ახალი რეალობა.

4 ივნისს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას კარასინმა განაცხადა, რომ სხვა ვარიანტში ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ”პოლიტიზირებული და ჩიხური სიტუაციის მძევლები” გახდებიან.

თავის გამოსვლაში კარასინმა ბევრი ისაუბრა აგვისტოს ომის დაწყების რუსულ ინტერპრეტაციაზე და ომისშემდგომ განვითარებებზე, გაამართლა რა რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. კარასინმა ასევე ისაუბრა საქართველოს ხელახალი მილიტარიზაციის შესახებ.
 
”ღრმა შეშფოთებას იწვევს საქართველოს ხელმძღვანელობის გეგმები ქვეყნის რემილიტარიზაციასთან დაკავშირებით, რაც გასაოცარ პოზიტიურ რეაქციას იწვევს რიგ დასავლურ ქვეყნებში. ამასთან, შეინიშნება მცდელობა დაიფაროს სამხედრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფოსთან, მათ შორის მისი შეფუთვის გზით ”ჰუმანიტარული დახმარებით კონფლიქტის შედეგების გადასალახად,” – განაცხადა კარასინმა. 

”არ შეგვიძლია ეს შევაფასოთ სხვაგვარად, თუ არა პოლიტიკური არაშორსმჭვრეტელობა,” – განაგრძო მან. ”ქართული არმიის შემდგომი გადაიარაღება, დახმარება სამხედრო ინფრასტრუქტურის აღდგენაში, სპეცდანიშნულების ძალების მომზადება დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მიერ მხოლოდ ახალისებს ოფიციალურ თბილისს გააგრძელოს საომარი კურსი, მუქარების პოლიტიკა და პროვოკაციები თავის მეზობლების მიმართ, ასევე რეგიონში დაძაბულობის ზრდას. საწყენია, რომ მსოფლიოში ყველას არ ესმის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ავანტიურისტული კურსის დახმარების საფრთხე”.

”ქართული ოპოზიციის მიმდინარე მიტინგები და საქართველოში სულ უფრო ღრმა პოლიტიკური არასტაბილურობა ადასტურებს სერიოზულ სისტემურ დარღვევებს საქართველოს ამჟამინდელი სახელმწიფო მანქანის მუშაობაში,” – განაცხადა მან. 

”საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ დროა დაიოკოს გეოპოლიტიკური ამბიციები და შეუდგეს მეზობლებთან ურთიერთობების ეტაპობრივ მოგვარებას. საბოლოო ჯამში, ზუსტად ეს მისცემს შესაძლებლობას თბილისს დაიკავოს ღირსეული ადგილი რეგიონალურ პოლიტიკაში,” – დასძინა კარასინმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ დაჟინებით მოითხოვს ძალის არგამოყენების თაობაზე სავალდებულო შეთანხმებას თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის. კარასინის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს დაგეგმილ რეზოლუციაში ამგვარი შეთანხებების საჭიროების თაობაზე შესაბამისი დებულების ჩადება დაეხმარება რეგიონში ვითარების სტაბილიზაციას.

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე საპასუხო განცხადებით გამოსვლისას აშშ-ს წარმომადგენელმა  კაილ სკოტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის და მოსკოვის შეხედულებები საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ”მნიშვნელოვნად განსხვავდება”.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს მხარდაჭერა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის წინადადების მიმართ, რომელიც ეუთოს მისიის ნეიტრალურ სტატუსს ითვალისწინებს და რომელიც უარყო მოსკოვმა. მისი თქმით, პროგრესი ამ საკითხზე დაეხმარება რეგიონში ნდობის აღდგენას.

”სამწუხაროდ, ბევრმა რუსულმა ქმედებამ საქართველოში, როგორიცაა სამხედრო ბაზების განთავსება სეპარატისტულ რეგიონებში, და FSB-ს მესაზღვრეების განლაგება ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, უკუეფექტი გამოიწვია. იგივე ეხება რუსული კომპანიებისთვის უფლების მიცემას ნავთობი და გაზი მოიპოვონ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში [აფხაზეთში] და  სამხრეთ ოსეთის რეგიონში უკანონო არჩევნების ჩატარების ხელშეწყობას,” – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)