ტიგრან სარქისიანი: საქართველო სარგებლობს სომხეთის მიმართ სატრაზიტო მონოპოლიით

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ტიგრან სარქისიანის განცხადებით, სომხეთი საქართველოზე მონოპოლიურ სტრანზიტო დამოკიდებულებას შეამცირებს თურქეთთან საზღვრების გახსნით, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები – სომხეთი” 6 ივნისს.

მისი თქმით, დღესდღეობით სომხეთის საგარეო ტვირთბრუნვის ორი მესამედი საქართველოზე მოდის.

”ამ ასპექტში დამოკიდებულება საკმაოდ ნეგატიურია და ჩვენი მეზობელი სარგებლობს ამით,”- აცხადებს სარქისიანი და აღნიშნავს, რომ სომხეთი ვერა და ვერ ახერხებს საქართველოს მიერ დაწესებული მაღალი ტარიფების დაკლებას.

მისი თქმით, ბათუმამდე და ფოთამდე საქონლის ტრანსპორტირება ორჯერ უფრო იაფია, ვიდრე ამ საპორტო ქალაქებიდან სომხეთამდე.

”თუ ჩვენ გვექნება ალტერნატიული გზა, რომელიც საშუალებას მოგცვცემს რკინიგზით დავუკავშირდეთ ევროპას და რეგიონის სხვა ქვეყნებს, ეს არსებითად გაზრდის ჩვენი ეკონომიკური სისტემის დამოუკიდებლობას,”- აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ”ეკონომიკის მრავალი სფერო იქნება კონკურენტუნარიანი, რაც ახლა არ ხდება ტრანსპორტირების მაღალი ხარჯების გამო, რატომაც შეუძლებელია საქონლის მრავალი სახეობის ტრანსპორტირება”.

სომხეთსა და თურქეთს შორის ტრადიციული ცუდი ურთიერთობების გამო საზღვარი 1993 წლიდან ჩაკეტილია. თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გათბობის პირველი ნიშნები შარშან სექტემბერში, საქართველო-რუსეთს შორის აგვისტოს ომის შემდეგ გაჩნდა, როცა თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ერევანში ფეხბურთის მატჩზე დასწრების მოტივით ჩავიდა.

იმავდროულად, 7-8 ივნისს იგეგმება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)