ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასაარჩევნო განცხადება

ხელისუფლება იმგვარად ცდილობს 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას, რომ ”საერთაშორისო საზოგადოების დადებითი შეფასება დაიმსახუროს,” განაცხადეს არჩევნებზე დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ერთობლივ განცხადებაში, რომელიც არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა.

”ამისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი მართლაც გადაიდგა, თუმცა, დადებით ტენდენციასთან ერთად, პრობლემად რჩება ის ფაქტი, რომ საკანონმდებლო აკრძალვების ინტერპრეტაციისას აქცენტი უფრო მეტად მათ ფორმალურ მხარეზე კეთდება, ვიდრე  არსაა და მიზანზე,” – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც კვლავ ბუნდოვანი რჩება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისა და ხელისუფლების საქმიანობის გამყოფი ხაზი და ”სხვა პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელება არათანაბარ პირობებში უწევთ”.

სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია – საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მონიტორინგის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით გაერთიანდა და საარჩევნო მედიაცენტრი ჩამოაყალიბა. 

ერთობლივ განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიის გაუმჯობესებისკენ მიმართული მცდელობები ”უფრო მეტად დადებით შეფასებას იმსახურებს”. 

თუმცა, ადგილობრივი დამკვირვებლები კრიტიკულად არიან განწყობილი უფრო დაბალი დონის საარჩევნო ადმინისტრაციების – საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობისადმი, რადგანაც, მათი თქმით, ამ სტრუქტურებისგან ინფორმაციის მიღება საკმაოდ რთული იყო. 

”ცუდია ის ფაქტიც, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაცია და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს შორის კვლავ მოხვდნენ ის პირები, რომლებიც წინა არჩევნების დროს დაშვებული შეცდომებისა და დარღვევების გამო, სამართლიანი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ შედგენილ ”შავ სიაში” მოხვდნენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ”ნაკლები დარღვევები” გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების და ამომრჩეველთა და კანდიდატების დაშინების კუთხით, ვიდრე ეს 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა.

”თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ წელს შედარებით ნაკლები იყო კონკურენციაც. პოლიტიკურმა პარტიებმა აქცენტი თბილისზე გააკეთეს, დაშინების შემთხვევები კი წინა არჩევნების დროს რეგიონებში გაცილებით უფრო ხშირი იყო, ვიდრე თბილისში,” – ნათქვამია განცხადებაში.

სადამკვირვებლო ჯუფებმა ცესკო გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ის ”წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის პროცესს ნაკლები კონსტრუქციულობითა და ინტერესით ეკიდებოდა”.

”ეს ნაწილობრივ იმითაც იყო განპირობებული, რომ უფრო მნიშვნელოვნად არჩევნების მოსამზადებელი სამუშაოები მიაჩნდა. საბოლოო ჯამში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დარღვევებზე რეაგირების კუთხით უფრო პასიური პოზიცია არჩია, ვიდრე პროაქტიული,” – ნათქვამია განცხადებაში. 

სადამკვირვებლო ჯგუფებმა განაცხადეს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ”უფრო აქტიურად მუშაობდა დარღვევებზე რეაგირების საკითხზე”.

თუმცა, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საარჩევნო დარღვევაში მონაწილე პიროვნება დაისაჯა. ხულოს ერთ-ერთი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სკოლაში წინასაარჩევნო ღონისძიების ჩატარების გამო თანამდებობიდან გათავისუფლდა. უწყებათაშორისი ჯგუფის თანახმად, რამოდენიმე სხვა ინციდენტზე, მათ შორის 3 მაისს მესტიაში მომხდარ ინციდენტზე, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)