მთავრობას სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდებენ
კადრი რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის „როსია–24“-ის 3 ოქტომბრის სიუჟეტიდან რუსი სამხედრო მფრინავის ივან ნეჩაევის შესახებ, რომელმაც რუსეთის გმირის წოდება 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაზიანებული თვითმფრინავის პილოტირების გამო მიიღო და რომელიც ერთ-ერთია იმ 13 990 მეჩირაღდნიდან, რომლის ხელშიც გაივლის ოლიმპიური ცეცხლი სოჭში ჩატანამდე. ესტაფეტაში მისმა მონაწილეობამ თბილისში დებატები გამოიწვია ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე.
საქართველოს მთავრობას სულ უფრო მეტად მოუწოდებენ ბოიკოტი გამოუცხადოს 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, თუმცა მმართველი კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ახლა გადაჭარბებული რეაგირება იქნება რუსულ პროვოკაციებზე, რაც უფრო მეტ რისკებს შეიცავს.
8 ოქტომბერს ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მიზნით კამპანია წამოიწყო. ამ ეტაპზე კამპანიის ფარგლებში გროვდება ხელმოწერები ონლაინ პეტიციაზე, რომელსაც უკვე 8 000–ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი.
ინტენსიური დებატები საქართველოს სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ რუსეთ-საქართველოს „2008 წლის აგვისტოს ომის გმირი მფრინავი“ შეერჩია. ივან ნეჩაევმა, რომელმაც რუსეთის გმირის წოდება საომარი მოქმედებების დროს დაზიანებული თვითმფრინავის პილოტირების გამო მიიღო, ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ესტაფეტა კრემლის ტერიტორიაზე დაასრულა და ერთ-ერთია იმ 13 990 მეჩირაღდნიდან, რომლის ხელშიც გაივლის ოლიმპიური ცეცხლი სოჭში ჩატანამდე. საქართველოში ბევრი აღნიშნავს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ მართალია ნეჩაევი ათასობით მეჩირაღდნიდან ერთ-ერთია, მაგრამ მისი მონაწილეობა ესტაფეტაში რუსულმა არხებმა ფართოდ გააშუქეს – ეს ქმედება თბილისში მოსკოვის გამომწვევ ნაბიჯად მიიჩნიეს.
ონლაინ პეტიციაში ნათქვამია, რომ რუსეთის ძალისხმევა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ღობეების აღმართვასთან დაკავშირებით, რასაც მოსახლეობის გაყოფა მოყვება და ამავე დროს მეჩირაღდნედ სამხედრო მფრინავის შერჩევა „ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო შეურაცხყოფას ემსახურება“.
„მიგვაჩნია, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის პროტესტის გამოცხადება იქნება საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური ნაბიჯი და პასუხი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებისა და საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფაზე“, – ნათქვამია პეტიციაში, რომელიც დასძენს, რომ ბოიკოტი ასევე იქნება „მსოფლიო თანამეგობრობისადმი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“.
აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით აგვისტოს ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 76%-ისთვის მისაღებია 2014 წლის ზამთრის სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა. 11%–მა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, ხოლო 13%–მა განაცხადა, რომ არ აქვს პოზიცია ამ საკითხზე. უცნობია, შეცვალა თუ არა ბოლო მოვლენებმა საზოგადოების აზრი ამ საკითხზე.
საქართველოს მთავრობამ განაცხადა 7 ოქტომბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, რომ „შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით“ უპასუხებს, თუ საბოლოოდ დარწმუნდება, რომ რუსეთი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას საქართველოს წინააღმდეგ „პოლიტიკური მიზნებისთვის“ იყენებს.
სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ გადაჭარბებული რეაგირება არ უნდა მოახდინოს რუსეთის „პროვოკაციებზე“, რაც მიზნად ისახავას მოსკოვის მიმართ საქართველოს მთავრობის „პრაგმატულ“ და მშვიდი პოლიტიკის დაზიანებას.
7 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუში საუბრისას ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ ახერხებს, რომ საქართველოს იმპულსური პასუხისკენ უბიძგოს, რასაც ის ადვილად ახერხებდა წინა ხელისუფლების პირობებში.
მისი თქმით, ის, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს რუსეთს, საქართველოს პრაგმატული და მშვიდი პოლიტიკაა.
რასაც საქართველოს მთავრობა „პრაგმატულ“ პოლიტიკას უწოდებს, პრეზიდენტი და მისი ნაციონალური მოძრაობა რუსეთთან „წაწოლის“ პოლიტიკად აფასებენ, რაც მათი თქმით, რუსეთს კიდევ უფრო აგრესიულს ხდის, რაც სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ ღობეების აღმართვაში და „საოკუპაციო ზოლის“ თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევაში გამოიხატება.
კითხვაზე უნდა მიიღოს, თუ არა საქართველომ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიურ თამაშებში, ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო „ცუდის და უარესის“ არჩევანის წინაშე დგას და ამიტომ ცუდს ირჩევს, რათა უარესი არ მიიღოს.
მისი თქმით, თუ ქვეყანა არ დათანხმდება სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, ეს ხელებს გაუხსნის რუსეთს, რათა შემდეგ საქართველოს დააბრალოს, თუ ოლიმპიური თამაშების დროს ან მის ჩატარებამდე საქმე ცუდად წავა, ან რაიმე ტერორისტულ აქტს ექნება ადგილი.
ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ამოცანაა არ წამოეგოს რუსულ პროვოკაციებზე, რასაც შემდეგ რუსეთი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებს.
მისი თქმით, რუსეთის პროვოკაციაა თავისი სამხედრო მფრინავის, რომელმაც აგვისტოს ომის დროს განხორციელებული წვლილისთვის გმირის წოდება მიიღო, ერთ–ერთ მეჩირაღდნედ დასახელება და შემდეგ ამის შესახებ ტელევიზიით აფიშირება; თუმცა, მისი თქმით, ამ კონკრეტული მიზეზის გამო სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადება გადაჭარბებული რეაგირება იქნება. მთავრობის მსგავსად, მანაც განაცხადა, რომ თბილისი ყურადღებით დააკვირდება ოლიმპიადასთან დაკავშირებულ მოვლენებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს, თუ ოლიმპიადის „პოლიტიზირების“ ტენდენცია გაგრძელდება.
ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოუწევს რუსეთიდან მოსალოდნელი „პროვოკაციების კასკადის“ ატანა მომავალ თვეებში და მის შემდეგაც, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარნტიორობის ვილნიუსის სამიტის და შემდეგ 2014 წლის ნატოს სამიტის კონტექტსში.
საქართველოს თავად სურდა, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბორჯომსა და ბაკურიანში ემასპინძლა. თუმცა, მას შემდეგ რაც მას ამ განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2007 წლის თებერვალში განაცხადა, რომ საქართველო სოჭთან დაკავშირებით რუსეთის განაცხადს უჭერდა მხარს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 2011 წლის თებერვალში, რომ საქართველომ "ღიად და დიდი ენთუზიაზმით“ დაუჭირა მხარი სოჭში 2014 წელს ოლიმპიური თამაშების ჩატარებას, "რადგანაც მე მიმაჩნდა, რომ ეს დაგვეხმარებოდა თავიდან აგვეცილებინა ის უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც უკვე შეინიშნებოდა იმ დროს, განსაკუთრებით აფხაზეთთან, ანუ ჩვენს ტერიტორიასთან მიმართებაში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)