პრემიერ-მინისტრი მისი კაბინეტის ყოფილ მინისტრებს აკრიტიკებს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკრიტიკა მისი კაბინეტის ყოფილი მინისტრები – ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი და განაცხადა, რომ სწორედ მათი პასუხისმგებლობაა ის, რომ საქართველოში პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალზე ევროპასა და ამერიკაში არსებული "არასწორი" აღქმა არ მოიხსნა.
„მე პირდაპირ მინდა განვაცხადო ახლა, რომ როცა ირაკლი ალასანია ჩადიოდა ევროპაში, ამერიკაში ღიად აცხადებდა, რომ სააკაშვილის დროს მიღწეული რეფორმები იყო სამაგალითო და მას უნდა დავეფუძნოთ ჩვენ. ანუ იქ საუბარი არ ყოფილა სადისტურ მკვლელობებზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობებზე, იმ დარღვევებზე ადამიანის უფლებების, რაზეც ახლა მიმდინარეობს გამოძიებები. ამის გამგრძელებელი იყო მაია ფანჯიკიძეც და ბუნებრივია, ის არასწორი განცდა, რაც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს ევროპაში და ამერიკაში, ეს ვერ მოიხსნა“, – განუცხადა ღარიბაშვილმა 10 ნოემბერს ჟურნალისტებს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ.
„ანუ აქ აშკარად გამოიკვეთა და მე მაქვს სერიოზული ეჭვები, რომ ეს იყო მიზანმიმართული მუშაობა, რომ არ მომხდარიყო რეალობის ჩატანა ევროპაში და ამერიკაში“, – განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მას „ძალიან ხშირად“ ჰქონია ეჭვები ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ქმედებების მიმართ, რომლის უწყებასაც, მისი თქმით, უნდა მოეხერხებინა ის, რომ წინა ხელისუფლების მმართველობასთან დაკავშირებული დამალული ქმედებები საჯარო გაეხადა.
„კითხვები, რა თქმა უნდა, მაქვს და ეს კითხვა არის, რა თქმა უნდა, გაღრმავებული, ვინაიდან ის განცდა [პოლიტიკურ დევნასა და შერჩევით სამართალზე] რომ ვერ მოიხსნა, პირდაპირ პასუხისმგებლობა არის მაია ფანჯიკიძის, ალასანიასი და თუნდაც ბუკა [ალექსი] პეტრიაშვილის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მაია ფანჯიკიძემ განუცხადა „რუსთავი 2“-ს, რომ ის ამ „აბსურდულ ბრალდებებზე“ პასუხის გაცემას არ აპირებს.
ალექსი პეტრიაშვილმა პრემიერ-მინისტრის განცხადება შეაფასა, როგორც „უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და უმადური“ იმ წარმატებების ფონზე, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია „პოლიტიკურ ფრონტზე სწორედაც რომ ირაკლი ალასანიას, მაია ფანჯიკიძის დამსახურებით, დიდწილად“.
„მეც ჩემი წვლილი, მეგონა და მწამს, რომ შევიტანე ჩემი ქვეყნის საუკეთესოდ წარმოჩინებაში, მაგრამ არაუშავს. ხალხმა იცის სიმართლე ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც“, – განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა მისი მისამართით ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკულ შენიშვნაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ღარიბაშვილს შეცდომა მოუვიდა, როცა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას „ავანტიურისტი, უჭკუო, ამბიციური“ უწოდა.
„მეც არ მომეწონა ის, რაც ვთქვი, ის სიტყვები, მაგრამ თუ შეფასებებში ვიდავებთ, მე შემიძლია ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ჩემი მხრიდან სათქმელი ალბათ არ იყო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა აკეთებს "რეალურ საქმეს და რეალურ პოლიტიკას".
"პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული და რაღაც კეკლუცობა და გაპრანჭული საუბარი. ჩვენ არ გვცალია, ჩვენ არ გვაქვს დრო იმისათვის, რომ ვასიამოვნოთ ვიღაც-ვიღაცეებს, ჩვენ ვაკეთებთ საქმეს ჩვენი ხალხისთვის ჩვენი ქვეყნისთვის", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ის ასევე გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ თოქ-შოუში კვირას საღამოს მაია ფანჯიკიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ნაცვლად იმისა, რომ ალასანიას გათავისუფლების შემდეგ ის და ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი გადამდგარიყვნენ, პრემიერ-მინისტრი უნდა წასულიყო პოსტიდან, ვინაიდან მან „აბსოლუტურად არაჯანსაღი გარემო შექმნა იქ, სადაც მიმდინარეობს პოლიტიკის კეთება“.
„თურმე მე უნდა გადავმდგარიყავი, ხალხს მინდა ვუთხრა, რომ თურმე რა ქონიათ ჩაფიქრებული, რომ ჩემი გადადგომა მოყოლოდა ამას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „ეს ძალიან არასერიოზული შეფასებებია მათი მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ მოწოდებული, რომ სახელმწიფოს ემსახურონ, მათ რეალურად სრულად ჩამოიხსნეს ნიღაბი და გამოაჩინეს საკუთარი თავი, თვითლუსტრირება მოახდინეს“.
„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო დიდი სინანულით, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მე რეალურად სხვა ადამიანებს ვუყურებდი“, – განაცხადა მან მისი კაბინეტის ყოფილ წევრებზე, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას ოპოზიციაში გადასული „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებში განაგრძობენ.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიესალმება ოპოზიციურ ფლანგზე „თავისუფალი დემოკრატების“ გააქტიურებას, რითაც „უფრო საინტერესო გახდება პოლიტიკური ცხოვრება“.
„ჩვენ მივესალმებით ყველა ოპოზიციას“, – განაცხადა მან, „კარგია, რომ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს, რომ ისინი არიან და იქნებიან ლოიალურები ნაციონალურ მოძრაობის მიმართ – ძალიან კარგი, ეს მათი არჩევანია“.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ყველა პროდასავლური ღირებულებების მქონე პარტიასთან გეგმავს თანამშრომლობას, გამორიცხა რაიმე პოლიტიკურ კავშირის შესაძლებლობა ნაციონალურ მოძრაობასთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)