პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა

17 აპრილს პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა ქუთაისში, რადგან ზედიზედ სამი რეგისტრაციის ჩატარების შემდეგ კვორუმი ვერ მოგროვდა იმის გამო, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პოლიტიკური მოტივებით არ გაიარეს რეგისტრაცია, ხოლო ქართული ოცნების უმრავლესობის სულ ცოტა 76 დეპუტატი არ აღმოჩნდა დარბაზში, რაც სხდომის გახსნისთვის საკმარისი რაოდენობაა.

პარლამენტს დღეს სხვა საკითხებთან ერთად ასევე უნდა მოესმინა პერსონალურ მონაცემთან დაცვის ინსპექტორის 2014 წლის ანგარიშისთვის, ასევე განეხილა "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნა პლენალურ სხდომაზე მთავარი პროკურორის მოწვევის თაობაზე და პირველი მოსმენით კენჭი ეყარა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისთვის.

„პარლამენტის სხდომა არ შედგება. ყველამ თავის პოზიციაზე თავად აგოს პასუხი ამომრჩეველთან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მესამე უშედეგო რეგისტრაციის შემდეგ, „ეს მათი უფლებაა ბატონებო, პატივი ვცეთ ერთმანეთის უფლებებს“.

მანამდე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ მას შემდეგ, რაც უსუფაშვილმა მოუწოდა, რომ უმცირესობას განემარტა სხდომის ჩაშლის მცდელობის მიზეზი, განაცხადა, რომ ეს „პროცედურული ომი“ უკავშირდებოდა სპეცრაზმის ყოფილი უფროსის კახა ნაკანის „უკანონო პატიმრობის“ მიმართ პროტესტს.

ნაკანი სხვა ხუთ სპეცრაზმელთან და პოლიციის ხუთ ოფიცერთან ერთად თებერვლის დასაწყისში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს საქმეზე, რომელიც 2006 წლის მაისს თბილისში მომხდარი სპეცოპერაციის შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობას უკავშირდება. ეს საქმე გახსნილად მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე ააფეთქეს.

ბრალდებულმა კახა ნაკანმა 15 აპრილს გლდანის საპატიმროში თვითმკვლელობა სცადა, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს იმ ფაქტის გასაპროტესტებლად, რომ არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა ამ საპატიმროდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანის თაობაზე, სადაც ყოფილი საჯარო მოხელეები იხდიან სასჯელს. სასჯელაღსრულების სამინისტრომ განაცხადა, რომ მიყენებული თვითდაზიანებები ნაკანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიდა და ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულთა საპატიმროებში განთავსება ვერ დაუკავშირდება მათ სურვილებს.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)