წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 5.8% შეადგინა
წყარო: საქსტატი
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 5.8% შეადგინა მას შემდეგ, რაც სექტემბერში ეს მაჩვენებელი 5.2%-იან ნიშნულზე იყო.
ოქტომბერში წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 13.5% -ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე დაფიქსირდა; ავეჯის, საოჯახო ნივთების და სახლის მოვლის ჯგუფზე ფასები ოქტომბერში წლიურ საფუძველზე 13.1%-ით გაიზრდა.
ჯანდაცვის ფასებმა 11.1%-ით აიწია, რაც ძირითადად განაპირობა ოქტომბერში მედიკამენტებზე ფასების 27.4%–იანმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის შედეგად წლიური ინფლაციის დონე გაიზარდა საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ჯგუფზე და ოქტომბერში 8.2% შეადგინა.
სასტუმროების და რესტორნების ჯგუფზე ფასები 6.5%–ით, ხოლო სურსათის ფასები 4.1%–ით გაიზარდა ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ფასები სატრანსპორტო ჯგუფზე 1.1%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები 0.8%-ით გაიზარდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)