მოსამართლის განჩინებით, „რუსთავი 2“-ის მმართველები უნდა შეიცვალონ
- გადაწყვეტილება შესაძლებლობას აძლევს ხალვაშს, რომ „რუსთავი 2“-ის მმართველობა ჩაიბაროს;
- გვარამიას, დამენიას "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტში საყევარიშვილი და დვალი შეცვლიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ, რის შედეგადაც გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსური სამსახურის უფროსს კახა დამენიას დროებითი მმართველები შეცვლიან.
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ მფლობელს ქიბარ ხალვაშს, რომელმაც წილების დაბრუნების მოთხოვნით პირველი ინსტანციის სასამართლო მოიგო, ეძლევა შესაძლებლობა, რომ ტელეკომპანიის მმართველობა მის ხელში გადავიდეს მაშინ, როცა საკუთრებაზე დავას ყველა ინსტანციის სასამართლო ჯერ არ გაუვლია და "რუსთავი 2" კვლავ ამჟამინდელი მფლობელების ხელში რჩება.
დაგმო რა სასამართლოს გადაწყვეტილება, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს დაემორჩილოს მას.
„მე ამ შენობიდან არ გავალ, მობრძანდით და დამატოვებინეთ შენობა იძულებით“, – განაცხადა გვარამიამ თავის პირდაპირ სატელევიზიო გამოსვლაში პარასკევს შუაღამისას, „ჩვენ ამ ტელეკომპანიის დატოვებას ჩვენი ნებით არ ვაპირებთ“.
„რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შუაღამისას, როცა ხუთშაბათს გვიან ცნობილი გახდა მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ, ტელეკომპანიის ეზოში შეიკრიბნენ.
ტელევიზიაში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ორ დღეში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე დავა 3 ნოემბერს ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მას ტელეკომპანიაში წილები დაუბრუნა. თუმცა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელები სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ და ხალვაშის სასარგებლოდ მიღებული განაჩენი მანამ ვერ აღსრულდება, ვიდრე ის ყველა ინსტანციის სასამართლოს არ გაივლის.
2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის მოქმედება „რუსთავი 2“-ის თხოვნით შეაჩერა, რამაც შესაძლებლობა წაართვა ხალვაშს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სწრაფი აღსრულება მოეთხოვა აპელაციის პირობებშიც კი.
თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ტექნიკურად ვერ შეუშალა ხელი ხალვაშის ადვოკატებს, რომ საკუთრებაზე მიმდინარე სასამართლო დავის პარალელურად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დროებითი მენეჯმენტის დანიშვნა მოეთხოვათ.
ხალვაშის ადვოკატებმა ამ თხოვნით სასამართლოს 4 ნოემბერს მიმართეს და მომდევნო დღეს, იმავე მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ ეს მოთხოვნა მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა.
შედეგად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ფინანსური დირექტორი კახა დამენია შეცვალეს, შესაბამისად, რევაზ საყევარიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა დირექტორმა და დავით დვალმა, 2004 წლამდე „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა მეწილემ და დამფუძნებელმა.
ხალვაში, რომელიც აცხადებს, რომ ის 2006 წელს ქვეყნის მაშინდელმა ხელძღვანელობამ აიძულა, რომ „რუსთავი 2“–ში საკუთარი წილები დაეთმო, მაუწყებლის საკონტროლო პაკეტი 2004 წელს მოიპოვა მისი სამი დამფუძნებლისგან – დავით დვალისგან, ჯარჯი აქიმიძისგან და აწ გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილისგან, რომელთაც ასევე განაცხადეს წლების შემდეგ, რომ 2004 წელს წილების დათმობა მათაც აიძულეს. დვალმა და აქიმიძემ მხარდაჭერა გამოხატეს ხალვაშის სარჩელის მიმართ და განაცხადეს, რომ ეს პროცესი დაეხმარება მათ განზრახვას, რომ მაუწყებელში თავიანთი წილები მოითხოვონ.
ხალვაშის სარჩელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ბევრი ოპოზიციური პარტია და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები მთავრობის პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ მიიჩნევენ, რაც ოპოზიციურად განწყობილი არხის გაჩუმებას ისახავს მიზნად.
მოსამართლის განჩინების თანახმად, „რუსთავი 2“–ის დროებით მმართველებს, სხვა აღმასრულებელ ბერკეტებთან ერთად, ასევე ექნებათ უფლება, რომ მაუწყებლის საშტატო პოლიტიკა და სამაუწყებლო ბადე აკონტროლონ, ასევე ტელეკომპანიის რეორგანიზაცია განახორციელონ.
მოსამართლე ურთმელიძემ თავისი განჩინების ერთ–ერთ საფუძვლად ის დაასახელა, რომ „არსებობს გარკვეული საფრთხე, რომ დროებითი მმართველის დაუნიშნაობამ, გარკვეულწილად, შეიძლება საგრძნობლადაც შეცვალოს მოპასუხის საქმიანობის ფორმატი, გაუქმდეს ან/და მოდიფირება განიცადოს რამდენიმე გადაცემამ, მათ შორის რეიტინგულმა და, შესაბამისად, არსებობს საფრთხეც, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის თანამშრომელთა კონცენტრაცია და საქმიანობის მიმართულება ძირითადად გადატანილ იქნება მხოლოდ და მხოლოდ არსებული დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე“ – მინიშნება იმაზე კეთდება, რომ „რუსთავი 2“ ინტენსიურად აშუქებს მისი მფლობელობის თაობაზე არსებულ დავას.
„ეს არა მხოლოდ უარყოფითად აისახება საწარმოს რეიტინგზე და მის ფინანსურ საკითხებზე, არამედ შექმნის სერიოზულ საფრთხეს, რომ მედიამ დაკარგოს თავისი ძირითადი როლი და დანიშნულება – იდგეს საზოგადოებრივი ინტერესის სადარაჯოზე“, – წერს მოსამართლე თავის განჩინებაში.
„არსებული მმართველობის პირობებში მედიის მიერ ამ დანიშნულების შესრულება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, – ნათქვამია განჩინებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ მედია საშუალებებმა ყველა ის საკითხი უნდა გააშუქონ, რომელიც „საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს განეკუთვნება“ და გამორიცხავს მხოლოდ ერთი საკითხის ირგვლივ კონცენტრაციას.
მოსამართლის განჩინების ეს მონაკვეთი დაგმო „რუსთავი 2“–მა, როგორც მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის აშკარა მცდელობა.
მოსამართლის განჩინების საპასუხოდ ნიკა გვარამიამ განაცხადა პარასკევს შუაღამის შემდეგ: „არ მოგიწევთ ამ განჩინების 17–ივე გვერდის წაკითხვა. ამ განჩინებას აქვს სულ ორსიტყვიანი შინაარსი: დიქტატურა დამყარდა“.
„საქართველო იმყოფება ჭკუიდან გადამცდარი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის ქვეშ“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მთავრობის მცდელობა, რომ ხელში ჩაიგდოს „რუსთავი 2“, უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ამის გამო ბევრად მეტი რამ დევს სასწორზე, ვიდრე მხოლოდ მაუწყებლის მფლობელობის საკითხი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)