დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, სასამართლოს მიერ დანიშნული მმართველები „რუსთავი 2“–ის მფლობელებს წინადადებით მიმართავენ

სასამართლოს მიერ  „რუსთავი 2“–ში დანიშნულმა დროებითმა მმართველებმა ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს შესთავაზეს დაასახელონ „ნებისმიერი“ პირი, რომელსაც ისინი ტელეკომპანიის მართვის საკითხებში სრულ უფლებამოსილებას მიანდობენ.

დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი ტელეკომპანიის დროებით მმართველებად სასამართლოს 5 ნოემბრის სადავო გადაწყვეტილების შედეგად დაინიშნენ.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ გამოიტანა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც სასამართლოს გზით ტელეკომპანიაში საკუთარი წილების დაბრუნებას ცდილობს; პირველი ინსტანციის სასამართლოში მან საქმე მოიგო, თუმცა ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელები სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავენ.

5 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსამართლემ „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილებები შეუჩერა.

„რუსთავი 2“–ის ადვოკატები მმართველების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც გეგმავენ.    

გვარამიამ, რომელმაც დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც უკანონო, განაცხადა, რომ ის არ დაემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ გამოვა საკუთარი კაბინეტიდან.

თუმცა, კომპანია ვერცერთ იმ ქმედებას ვერ განახორციელებს, რასაც მისი მმართველების ნებართვა სჭირდება, რადგანაც გვარამიასაც და დამენიასაც უფლებამოსილება აქვთ შეჩერებული, ხოლო დროებით მმართველებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება პრაქტიკულად არ შეუძლიათ  – შექმნილ სიტუაციას, როგორც ორივე მხარე აღიარებს, შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს ტელეკომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე.

პარასკევს საღამოს დვალმა და საყევარიშვილმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც აცხადებენ, რომ ისინი არ ეცდებიან ტელეკომპანიის მართვის სადავეების აღებას, ვიდრე არ ამოიწურება დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების ყველა ინსტანცია. 

ამას გარდა, მათ მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ტელეკომპანიის მართვის უფლებამოსილება მიანიჭონ ნებისმიერ პირს, რომელსაც „რუსთავი 2“–ის ამჟამინდელი მფლობელები ისურვებენ.

ლევან და გიორგი ყარამანიშვილებს, რომლებიც ტელეკომპანიის 91%–ს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ფლობენ, ამ შემოთავაზებაზე პასუხი ჯერ არ გაუციათ.

„ვინაიდან, ამ ეტაპზე, "რუსთავი 2"–ის გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება, მზად ვართ გავიზიაროთ მოქმედი პარტნიორების, კერძოდ, ყარამანიშვილების სურვილი და მათ მიერ წარმოდგენილ ნებისმიერ კანდიდატს დაუყოვნებლივ მივანიჭოთ სრული უფლებამოსილება ტელეკომპანიის მართვის საკითხებში. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ყარამანიშვილების კანდიდატურას, რომ არ შეიქმნას ტელეკომპანიის საქმიანობაში სამართლებრივი ვაკუუმი და შესაბამისად, ტელეკომპანიას არ შეექმნას გარკვეული პრობლემები საქმიანობაში“, – ნათქვამია საყევარიშვილის და დვალის ერთობლივ განცხადებაში.

ნიკა გვარამიამ პარასკევს საღამოს განაცხადა, რომ მან ჯერ არ იცოდა, როგორი პოზიცია ექნებათ „რუსთავი 2“–ის ამჟამინდელ მფლობელების  ამ შემოთავაზებაზე; მან ასევე განაცხადა, რომ თუ ისინი მიიღებენ ამ წინადადებას, მაშინ უმჯობესი იქნება თუ ამ ადგილს გენერალური დირექტორის მოადგილე და 9 საათიანი „კურიერის“ წამყვანი, ზაალ უდუმაშვილი დაიკავებს.

სასამართლოს მიერ დანიშნულმა ერთ–ერთმა დროებითმა მმართველმა დავით დვალმა  პარასკევს საღამოს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს შემოთავაზება დაძაბულობის განმუხტვის მიზნით და იმ პროცესთან დაკავშირებით არსებული კითხვის ნიშნების მოხსნისთვის გაკეთდა, რაც „რუსთავი 2“–ის მმართველების შეცვლის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას მოყვა.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ შემოთავაზებისკენ ასევე უბიძგა უარყოფითმა საერთაშორისო რეაქციებმა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე,

„რადგანაც ეჭვი გაჩნდა, რადგანაც გაჩნდა ლაპარაკი სიჩქარეზე, რადგანაც განცხადებებიც იყო არაორაზროვანი უცხოეთის წარმომადგენლებისგან – მათ შორის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან, რომელთაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ რატომ ვჩქარობთ“, – განაცხადა დვალმა.

„თუ ისევ ფორიაქის, და ისტერიის მომენტი შემოვიდა, არაფერი მაგდაგვარი არ გვინდა რომ მოხდეს; გვინდა, რომ მშვიდად, წყნარად და არაფერი გართულება არ მოყვეს ამას; ამიტომ, ჩვენ შეგნებულად გამოვაცხადეთ, რომ არ მივალთ იქ [„რუსთავი 2“-ის ოფისში], სანამ არ გაივლის მთელ ციკლს [სასამართლოს გადაწყვეტილება]“, – განაცხადა მან.

დვალი „რუსთავი 2“–ის ერთ–ერთი ყოფილი მფლობელია, რომელიც მაუწყებელს ჯარჯი აქიმიძესთან და გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად 2004 წლამდე ფლობდა, სანამ ხალვაში გახდებოდა ახალი მესაკუთრე. ეს უკანასკნელი ტელეკომპანიას 2006 წლის ბოლომდე ფლობდა, სანამ მაშინდელი ხელისუფლება ტელეკომპანიაში წილების გაყიდვას აიძულებდა. წინა მფლობელები დვალი და აქიმიძე ასევე ითხოვენ საკუთარი წილის დაბრუნებას იმ მოტივით, რომ 2004 წელს ისინიც აიძულეს გაეყიდათ საკუთარი წილები. ახლა ხალვაში, აქიმიძე და დვალი აცხადებენ, რომ   მათ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად, ხალვაში მზადყოფნას გამოთქვამს საკუთარი წილის ნახევარი აქიმიძეს და დვალს დაუთმოს იმ შემთხვევაში, თუ ის სასამართლოში ტელეკომპანიის საკუთრებაზე არსებულ დავას საბოლოოდ მოიგებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დროებითი მმართველი უნდა იყოს „ნეიტრალური“ პირი, თუმცა განცხადება წილების სამომავლო გადანაწილებაზე, დავით დვალთან მიმართებაში ნეიტრალობის შესახებ მოთხოვნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ამ საკითხის კომენტირებისას დვალმა განაცხადა, რომ ის იურიდიული ექსპერტი არ არის და ამ საკითხზე დეტალურ განხილვაში ვერ შევა, თუმცა დასძინა, რომ თუ იქნება რაიმე კითხვის ნიშნები, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს და შეცვალოს წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მისი დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)