საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ჰყავს



ირაკლი შოთაძე ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე 26 ნოემბერს, რასაც წინ უძღოდა ოპოზიციურ ნაციონალურ მორაობასთან და თავისუფალ დემოკრატებთან მთავარი პროკურორის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვა. ამ თანამდებობაზე ის 27 ნოემბერს აირჩიეს. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით ორდღიანი განხილვების შემდეგ 27 ნოემბერს აირჩია.

82 ხმით 15-ის წინააღმდეგ არჩეულმა 32 წლის შოთაძემ ამ თანამდებობაზე გიორგი ბადაშვილი შეცვალა, რომლის პირველი მოადგილეც იყო მანამდე.

შოთაძემ პროკურატურის სისტემაში მუშაობა 2006 წელს დაიწყო; 2010 წლიდან კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განაგრძო მუშაობა შემდგომი სამი წლის განმავლობაში, სადაც ბოლოს საგამოძიებო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ვიდრე 2013 წლის ნოემბერში მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნებოდა.

შოთაზე პირველი მთავარი პროკურორია, რომელიც სექტემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ახალი წესით შეირჩა ამ თანამდებობაზე. იუსტიციის მინისტრის წარდგენილ სამ კანდიდატს შორის მასზე ჯერ საპროკურორო საბჭომ გააკეთა არჩევანი, შემდეგ კი მთავრობამ მოიწონა პარლამენტისთვის წარსადგენად.

პარასკევს გამართულ კენჭისყრას წინ უძღოდა პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის გამართული დებატები, რომლის დროსაც ქართული ოცნების უმრავლესობამ მყარი მხარდაჭერა გამოხატა ახალი მთავარი პროკურორის მიმართ, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობისგან, რომლის დეპუტატებმაც გააკრიტიკეს პროკურატურის „ფასადური“ რეფორმის შედეგად შერჩეული კანდიდატი, რომელიც მათი თქმით, კვლავ პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი იქნება. ოპოზიციური "თავისუფალი დემოკრატები" ამ დებატებში არ ჩართულან.

პლენარული სხდომისგან განსხვავებით, სადაც შოთაძის სიტყვით გამოსვლას პროცედურა არ ითვალისწინებდა, ახალი მთავარ პროკურორს 26 ნოემბერს იურიდიულ და ადამიანის უფლებათა კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე, ოპოზიციურ „თავისუფალ დემოკატებთან“, ასევე ნაციონალური მოძრაობის უმცირესობასთან და ქართული ოცნების უმრავლესობასთან ამავე თანმიმდევრობით გამართულ შეხვედრებზე საშუალება ჰქონდა კითხვა-პასუხის ფორმატში შესულიყო დეპუტატებთან კომუნიკაციაში. 

ხუთშაბათს თავისი პროგრამის წარდგენისას შოთაძემ მთავარ პრიორიტეტებს შორის პროკურატურის რეფორმირების პროცესის გაგრძელება დაასახელა და აღნიშნა, რომ მისთვის ახალი თანამდებობა უდიდეს პატივთან ერთად, ასევე არის  „უდიდესი პასუხისმგებლობა და შანსი“ იმის, რომ ეს სისტემა გახდეს „უფრო გამჭვირვალე და უფრო დამოუკიდებელი და უფრო მეტად პროფესიონალი კადრებისგან დაკომპლექტებული“.

მისი თქმით, იმ „მრავალ გამოწვევას“ შორის, რომლის წინაშეც მისი უწყება დგას, ასევე არის პროკურატურის მიმართ საზოგადოების „ნდობის ნაკლებობა“, რაც უმთავრესად განპირობებულია „იმ უმძიმესი მემკვიდრეობით“, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის შედეგად დარჩა იმ „ათასობით საჩივრის“ სახით, რომლებშიც მოქალაქეები „უფლებების სისტემური დარღვევის“  ფაქტების გამოძიებას ითხოვენ.

შოთაძის თქმით, მართალია ამ საქმეების ნაწილი უკვე გამოძიებულია, თუმცა ასევე ბევრი გამოსაძიებელი საჩივარია დარჩენილი და ამიტომ „სწრაფად უნდა წარვმართოთ სამართლიანობის აღდგენის პროცესი“, მათ შორის მარტში შექმნილი იმ დეპარტამენტის გაძლიერების გზით, რომელიც  სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში პოლიტიკური გავლენის თაობაზე  საერთაშორისო დონეზე იმ „ეჭვების გაბათილება“, რაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა სისხლის სამართლებრივ დევნას უკავშირდება.

„რეალურად აქ არ ხორციელდება არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არანაირი პოლიტიკური ნიშნით, არამედ აქ რეალურად ადგილი აქვს წლების განმავლობაში მოქალაქეთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებებზე რეაგირებას, რომლის ვალდებულებაც აქვს საქართველოს პროკურატურას და ჩვენ ვცდილობთ ეს ვალდებულება პროფესიონალურ დონეზე შევასრულოთ“, – განაცხადა შოთაძემ. 

მისი თქმით, ზოგიერთ იმ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომლებმაც საქართველო დატოვეს, ვიდრე მათ ბრალდებები წარედგინებოდათ, „სამწუხაროდ, ბევრმა ქვეყანამ მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი, რაც ხელს გვიშლის ამ ადამიანების ექსტრადირებაში“.

„მე ამაში ვხედავ პრობლემას და ექსტრადირების მიმართულებით გასაძლიერებელია მუშაობა“, – დასძინა მან.

მან განაცხადა, რომ ასევე გეგმავს პროკურორთა საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვას, რათა პროკურორთა წახალისება ან მათი დისციპლინარული დასჯა დამოკიდებული იყოს მათი საქმიანობის მოცულობაზე და ხარისხზე.

„თანამედროვე ეტაპზე ჩვენ არ გვჭირდება ხელმძღვანელის უსიტყვოდ მორჩილი შემსრულებელი პროკურორი, ჩვენი მიზანია მივიღოთ დამოუკიდებელი, პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალი კადრები“, – განაცხადა შოთაძემ და დასძინა, რომ პროკურორებს გაცილებით მეტი პროფესიონალიზმი მოეთხოვებათ, რადგან „მართლმსაჯულების სტანდარტი ასეთი მაღალი არასოდეს არ ყოფილა, როგორიც დღესაა“.

შოთაძის თქმით, მისი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ასევე სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რისი ნიშნებიც, მისი თქმით, უკვე სახეზეა წინასწარი დაკავების გამოყენების შემცირების სახით და ასევე საპროცესო შეთახმებების ჯარიმების დაკისრების გარეშე გაფორმების კუთხით.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან პროკურატურის მისამართით ძირითადი პრეტენზიები გახმაურებული საქმეების გამოძიების „გაჭიანურების“ კუთხით გამოითქვა.

ყოფილი ხელისუფლების დროინდელ გახმაურებულ საქმეებთან ერთად, ხუთშაბათს დეპუტატებმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ შოთაძეს ე.წ „კაბელების საქმეზეც“ დაუსვეს შეკითხვა, რომლებსაც ისინი „პოლიტიკურად მოტივირებულ“ გამოძიებად აფასებენ, რასაც ერთი წლის წინ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება და მმართველი კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლა მოყვა. ამ საქმეზე დაკავებულმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა თითქმის რვა თვე გაატარეს წინასწარ პატიმრობაში და შემდეგ გათავისუფლდნენ ისე, რომ საქმის სასამართლო განხილვა ჯერაც არ დასრულებულა

შოთაძემ განაცხადა, რომ მას „ძალიან დიდი იმედი“ აქვს, რომ პროკურორები „კაბელების საქმეში“ ბრალდებულებს დანაშაულს დაუმტკიცებენ, თუმცა დასძინა, რომ საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის იყო თუ არა ბრალდების მხარე მართალი ამ საქმეში. მან ასევე უარყო ამ საქმეზე რაიმე კონსულტაციები ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან, რომელთან ნაცნობობა, მისი თქმით, იმაში გამოიხატება, რომ  „საჯარო შეხვედრებზე რამოდენიმეჯერ შევხვედრივარ“.

„თავისუფალ დემოკრატებთან“ შეხვედრისგან განსხვავებით, რომლის დროსაც მათ „კონსტრუქციული ურთიერთობისთვის“ შოთაძისგან მადლობაც მიიღეს, გაცილებით უფრო მწვავე და ურთიერთდაპირისპირებული იყო ნაციონალური მოძრაობის უმცირესობასთან 26 ნოემბერს გამართული შეხვედრა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის „პოლიტიკური დავალებების“ შემსრულებელი უწოდეს და განაცხადეს, რომ ის ისევ ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მითითებებს ასრულებს, როცა „პოლიტიკურ დევნასა“ და „შერჩევით სამართალს“ ახორციელებს.

შოთაძემ უპასუხა, რომ ფარცხალაძე, რომელსაც მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომა 2013 წლის  დეკემბერში მას შემდეგ მოუწია, რაც მისი კრიმინალური წარსულის შესახებ ბრალდებები გამოითქვა, არის მისი „მეგობარი“, თუმცა „არასერიოზულია“ პროკურატურის საქმიანობაში მის მონაწილეობაზე კომენტარის გაკეთება. „მეგობრების მიმართ მიდგომა იქნება ისეთივე, როგორც სხვა მოქალაქეების მიმართ“, – განაცხადა შოთაძემ მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა დაჟინებით მოთხოვეს დაეფიქსირებინა, თუ როგორი პოზიცია ქონდა  ფარცხალაძის „კრიმინალურ“ წარსულზე.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პროკურატურა „შერჩევით სამართალში“ დაადანაშაულეს, რადგან მან ქართული ოცნების დეპუტატთან ფიზიკური დაპირისპირების გამო დაკავებული სამი ოპოზიციონერი აქტივისტისთვის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა მაშინ, როცა ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდამსხმელებს ანალოგიური აღკვეთის ღონისძიება არ შეფარდებიათ. შოთაძემ უპასუხა, რომ დაკავებული სამი აქტივისტი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, განსხვავებით იმ პირებისგან, რომელთა მონაწილეობაც ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმის ინციდენტებში დადასტურდა.

„იმ შემთხვევაში, თუ ეს პიროვნებები ითანამშრომლებენ გამოძიებასთან, ჩვენ მოვახდენთ ადეკვატურ რეაგირებას“, – განაცხადა შოთაძემ იმ სამ აქტივისტთან მიმართებაში, რომლებიც ოქტომბრის დასაწყისიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ასევე ბრალი დასდეს პროკურატურას, რომ ის სისხლის სამართლის საქმეებს მოსამართლეებზე ზემოქმედებისთვის იყენებს, რათა მათ ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებები გამოიტანონ. ამის ერთ-ერთ მაგალითად ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „რუსთავი 2“- საკუთრებაზე დავის განმხილველი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედის წინააღმდეგ აღძრული საქმე დაასახელეს იმ ოჯახურ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც წლისა და ცხრა თვის წინ მოხდა. შოთაძემ უარყო ბრალდებები, რომ ამგვარი საქმეების აღძვრა მოსამართლისგან სასურველი განაჩენების მიღებისთვის ხდება და განაცხადა, რომ ურთმელიძის დედის საქმე უკვე სასამართლოშია გადაცემული და ის  არსებითი განხილვის სტადიაზე.

ნაციონალური მოძრაობის იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით, თუ რატომ არ დაკითხა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბიძინა ივანიშვილი, შოთაძემ უპასუხა, რომ ყველა ის პირი იქნა დაკითხული, ვინც ამ საქმესთან შემხებლობაშია. მისივე თქმით, კიწმარიშვილის გარდაცვალების თაობაზე გამოძიება ადგენს იყო ეს თვითმკვლელობა თუ მკვლელობა და საგამოძიებო მასალები „სულ მალე“ გასაჯაროვდება.

ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ახალ მთავარ პროკურორს.

თუმცა „თავისუფალმა დემოკრატებმა“  ასევე განაცხადეს მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ შოთაძის ხელმძღვანელობის პირობებში გაიზრდება პროკურატურის ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ.

„მე შემიძლია ეს პირობა მოგცეთ“, – განაცხადა შოთაძემ,  „ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ სამართლიანი და ობიექტური კრიტიკა“.

ირაკლი შოთაძე მეოთხე მთავარი პროკურორია, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ შეიცვალა არჩილ კბილაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და გიორგი ბადაშვილის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)