საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში სომხეთის ლიდერებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 11 აპრილს ერევანს ესტუმრა, სადაც თავის სომეხ კოლეგას, ედუარდ ნალბანდიანს, პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანს და პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს შეხვდა.
მიხეილ ჯანელიძე საქართველოს პირველი ოფიციალური პირია, რომელიც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.
სომხეთის პირველი ოფიციალური პირი, რომელიც ჯანელიძეს შეხვდა, საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ ნალბანდიანი იყო.
„ჩვენ მივესალმებით იმ აქტიურ თანამშრომლობას და პოლიტიკურ კონტაქტებს ყველა დონეზე – პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების და სხვადასხვა კოლეგა მინისტრების ჩართულობით, რაც ხაზს უსვამს ჩვენს დიდ მოტივაციას და სურვილს, რომ გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს… ერთობლივი მცდელობების შედეგად შესაძლებელი გახდა ნდობაზე დამყარებული ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის განვითარება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ედუარდ ნალბანდიანთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.
ორივე მხარემ განაცხადა, რომ მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. მათ ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე.
„ბოლო წლებში საქართველო-სომხეთის ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა და ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის სულისკვეთებით მიმდინარეობს“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი ბაზა 80 დოკუმენტს მოიცავს.
„საუბრის დროს, ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს სომხური მოსახლეობის პრობლემებს და მათი მოგვარების გზებს“, – განაცხადა მან.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერევანი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს მიერ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების საქმიანობის მხარდაჭერას.
11 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა მიიღო, რომელმაც სომხეთსა და საქართველოს შორის სანდო და მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.
სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბიზნეს კონტაქტების ხელშეწყობის, თავისუფალი ეკონომიკური ზონების ფარგლებში თანამშრომლობის გაზრდის და ტურიზმის და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
მინისტრებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეხედულებები გაცვალეს, მათ შორის სომხეთის ქალაქ მეღრიში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნისა და სომხეთში ქართული ბიზნესის დღეების გამართვის თაობაზე, რაც „უახლოეს მომავალში“ იგეგმება.
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეს ინიციატივები ეფექტური პლატფორმა იქნება მესამე ქვეყნების ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობების შესწავლისა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა სომხეთის მთავრობის პრესსამსახურმა.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ ჯანელიძე სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შეხვდა.
სომხეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან ურთიერთობებს „ღირებული“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ამ მეგობრული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და გაძლიერებაშია დაინტერესებული“.
სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე ევროკავშირთან დიალოგზე, რეგიონულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო პროცესზე.
იმავე წყაროს ცნობით, „მინისტრმა ჯანელიძემ პრეზიდენტ სარგსიანს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და რესპუბლიკური პარტიის გამარჯვება მიულოცა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)