საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა
20-21 აპრილს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მთავრობის წევრებთან და ბიზნესმენებთან ერთად საქართველოს ესტუმრა.
იგი თავის ქართველ კოლეგას, გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველო-უნგრეთის ბიზნეს ფორუმში.
ქართულ მხარესთან რამდენიმე შეთანხმებას მოეწერა ხელი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ინვესტიციების, განათლების და საქართველოს ევროპული მისწრაფებების თაობაზე თანამშრომლობის სფეროებში. ერთ-ერთი შეთანხმება ითვალისწინებს უნგრეთის უნივერსიტეტებში მთავრობის მიერ 80 ქართველი სტუდენტისთვის სტიპენდიების გამოყოფას. ასევე დაგეგმილია სტიპენდიები საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის.
„ყველა პირობა არსებობს“ ვაჭრობისთვის
პრემიერ-მინისტრმა ორბანმა განაცხადა, რომ ყველა საჭირო წინაპირობა არსებობს, მათ შორის „სრულყოფილი პოლიტიკური ურთიერთობები“, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების და ვაჭრობის გაღრმავებისთვის.
ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ორბანმა განაცხადა, რომ „რისი გაკეთებაც პოლიტიკოსებს შეეძლოთ, ჩვენ უკვე გავაკეთეთ. ახალი ჯერი თქვენზეა, რომ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და სარგებელი მიიღოთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობიდან“.
მან ასევე აღნიშნა, რომ „უნგრეთის Eximbank-მა 90 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გახსნა ქართულ და უნგრულ ბიზნეს კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით“.
მან ხაზი გაუსვა, რომ ბიზნეს თანამშრომლობისთვის სამართლებრივი წინაპირობები „სრულყოფილი არ არის, თუმცა ახლოსაა ამასთან“.
საგარეო პოლიტიკის საკითხები
უნგრეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორისაა, ვისთანაც უნგრეთს კონფლიქტის არასდროს ქონია – ან წარსულში, ან აწმყოში.
პრემიერ-მინისტრმა ორბანმა ასევე განაცხადა, რომ მართალია უნგრეთი აცნობიერებს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს, „სამომავლო გეგმები და ჩვენი ეკონომიკის ფუნქციონირება საერთოდ არ არის დამოკიდებული ამ კონფლიქტზე“.
მან განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა „სტაბილური და სანდოა“ და დასძინა, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ორბანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის მიერ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ევროკავშირი „დღეს არცთუ ისე აღფრთოვანებულია გაფართოების იდეით“ და ამიტომ იმ წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც მოგვიანებით გაწევრიანდნენ, ღიაობა უნდა შეინარჩუნონ და მხარი დაუჭირონ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ორბანმა თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერეციაზე.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას საერთო განზრახვა აქვს, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა დაამყარონ; ამიტომ, მან საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში სექტემბერში დაგეგმილ ცენტრალური ევროპა – ჩინეთის სამიტზე დამკვირვებლის სტატუსით დასასწრებად მიიწვია.
„უამრავი დეზინფორმაცია“ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შესახებ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმსახური იტყობინება ვიზიტის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში, რომ ვიქტორ ორბანმა Associated Press-ის კითხვის საპასუხოდ ცენტრალური ევროპის უნივერსტიტეტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე “უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება“.
„ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს საფრთხე არ ემუქრება და ეს არის უნივერსტიტეტი, რომელიც უნგრეთში ფუნქციონირებს და მომავალშიც განაგრძობს სათანადოდ ფუნქციონირებას“, – იტყობინება პრესსამსახური მის სიტყვებზე დაყრდნობით.
პრემიერ-მინისტრ ორბანის თბილისში ვიზიტის დროს ორი მცირემასშტაბიანი აქცია გაიმართა – ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა უნივერსიტეტის წინააღმდეგ ორბანის ბოლოდროინდელ ნაბიჯები გააპროტესტეს, ხოლო მემარჯვენე აქტივისტების ჯგუფმა პარალელური აქცია გამართა და ორბანის პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)