სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა


ერიკ ფუხაევი , სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარე. ფოტო: rso-government.org

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა 16 მაისს ერიკ ფუხაევი რეგიონის 12-წევრიანი მთავრობის ახალ თავმჯდომარედ დაამტკიცა.

ფუხაევი, რომელიც წინა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ მსახურობდა, ამ პოსტზე სეპარატისტული რეგიონის ახალმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა შეარჩია, რომელმაც შემდეგ მისი კანდიდატურა რეგიონის 34-წევრიან პარლამენტს 5 მაისს წარუდგინა. 16 მაისს გამართულ კენჭისყრამდე ბიბილოვი დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოვიდა და ფუხაევს „გამოცდილი მენეჯერი“ და „წესიერი ადამიანი“ უწოდა.

„ჩვენ ყველამ ვიცით მისი საქმიანი თვისებები, გამოცდილი მენეჯერის თვისებები, რომელსაც შეუძლია შედეგზე ორიენტირებული სამუშაოს განხორციელება, წესიერი და ღირსეული ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ხალხის სამსახურს მიუძღვნა“, – განუცხადა ბიბილოვმა დეპუტატებს.

სეპარატისტული რეგიონის ახალი ლიდერი ფუხაევის პრიორიტეტებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მან რიგი საკითხები უნდა მოაგვაროს, მათ შორის ჯანდაცვის, განსახლების, ინფრასტრუქტურის, საფინანსო სექტორის, ეკონომიკური განვითარების, უმუშევრობის, სოფლის მეურნეობის და სხვა საკითხები.

პარლამენტში გამოსვლისას ფუხაევმა პირობა დადო, რომ ანატოლი ბიბილოვის წინასაარჩევნო პროგრამას განახორციელებს და „აქტიური და მიზანმიმართული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის“ განხორციელების საჭიროებაზე ისაუბრა.

ფუხაევის კანდიდატურას სხდომაზე დამსწრე 32-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მოგვიანებით, ფუხაევის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება გამოსცა ანატოლი ბიბილოვმაც. 

სეპარატისტულ რეგიონში 9 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა. ორი კვირის თავზე, 24 აპრილს, მთავრობა გადადგა. არჩევნებიდან ცოტა ხანში, 2 მაისს ბიბილოვი სოჭში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

ერიკ ფუხაევი ადრე რეგიონის სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. 2014 წლიდან 2017 წლამდე კი იგი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ მსახურობდა.

This post is also available in: English (ინგლისური)