მარგველაშვილმა ადგილობრივი არჩევნების სავარაუდო დრო დაასახელა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა 27 ივნისს, რომ ადგილობრივი არჩევნები 2017 წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.
„მთავარია, რომ ეს არის პარტიებისთვის საარჩევნო გარემოს განჭვრეტადობა და დღეს, 4 თვით ადრე, მთავრობასთან ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ჩვენ მათ ვაძლევთ ინფორმაციას. 4 თვით ადრე პარტიებმა იციან მომავალი საარჩევნო კალენდარი“, – განაცხადა მარგველაშვილმა თავის სატელევიზიო განცხადებაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ შესაბამის აქტს არჩევნების დანიშვნის შესახებ იგი არჩევნებამდე 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.
„ეს გადაწყვეტილება განპირობებულია თუნდაც შარშანდელი გაუგებრობებიდან გამომდინარე, რადგან არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული, გარკვეული საკანონმდებლო, საბიუჯეტო დეტალები“, – დასძინა მან.
პრეზიდენტის აქტი არჩევნების დღის დანიშვნის თაობაზე წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურად დაწყების მაუწყებელი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში შევა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული რიგი სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე შეზღუდვების და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაორმაგების თაობაზე.
2016 წელს არჩევნების თარიღის ადრე გამოცხადებას გაურკვევლობა მოყვა. მართალია არჩევნების დღე პირველად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აპრილის დასაწყისში გამოაცხადა, საარჩევნო კამპანიის ოფიციალური დაწყების თარიღი მაისის დასაწყისამდე უცნობი რჩებოდა – სწორედ ამ პერიოდში მიაღწიეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეთანხმებას საარჩევნო კამპანიის დაწყების დღედ 8 ივნისის გამოცხადების თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური)