პომპეო: ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს ნატოში გაწევრიანებას
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს 21 მაისს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაზე განუცხადა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსადმი მხარდაჭერა კვლავ მტკიცე და ძლიერია და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“.
„პრეზიდენტი ტრამპი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება და ამერიკის შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“, – განაცხადა პომპეომ. მისივე თქმით, „ღია საზოგადოება და ძლიერი ეკონომიკა, საქართველოს უსაფრთხოების ფუნდამეტური ელემენტებია“. ასევე, „კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და პლურალიზმისადმი პატივისცემა, დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი წინაპირობაა“, – განაცხადა პომპეომ.
პომპეოს თქმით, „უფრო მყარი დემოკრატიის შესაქმენლად” აშშ საქართველოს მოუწოდებს, რომ „შექმნას ისეთი პოლიტიკური და მედია გარემო, სადაც ყველას ხმა იქნება მოსმენილი, ასევე გააძლიეროს სახელმწიფო ინსტიტუტები”.
მაიკ პომპეო საქართველოში რუსეთის ინტერვენციის 10 წლისთავსაც შეეხო და განაცხადა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“ და „რუსეთის საქართველოს ტერიტორიაზე ძალისმიერი შემოჭრა, საერთშორისოდ აღიარებული მშვიდობისა და უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევაა“, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ლახავს.
პეომპეომ დასძინა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „საქართველოს განუყოფელი ნაწილებია“ და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს 2008 წელს აღებული ვალდებულება და სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნოს. უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონის დაოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და ჰუმანიტარულ მისიებს ამ ორ რეგიონში თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა მისცეს“, – განაცხადა პომპეომ.
პომპეომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო ის ერთ-ერთი მტკიცე და სანდო პარტნიორია, რომელმაც უსაფრთხოებისა და დასავლური ღირებულებების დაცვაში საკუთარი წვლილი უკვე შეიტანა“.
თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პომპეოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამოხატული „უწყვეტი მხარდაჭერისთვის“ მადლობა გადაუხადა, რისი მეშვეობითაც „საქართველომ შექმნა დემოკრატია, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და გააჩინა ეკონომიკური განვითარების ახალი შესაძლებლობები, არა მხოლოდ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, არამედ ამ ორი რეგიონისთვისაც“.
„ჩვენ მოუთმენლად ველით ნატოს ბრიუსელის სამიტს და იმედი გვაქვს, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე უფრო მეტ პროგრესს მივაღწევთ. ნატოში საქართველოს გაწევრიანება, ევროატლანტიკური უსაფრთხოების კიდევ ერთი მკაფიო დასტური იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 მაისს გაემგზავრა და იქ 23 მაისამდე დარჩება. ვიზიტის პირველ დღეს, ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვეს მიტჩელსაც შეხვდა, რომელიც საქართველოს გასულ თვეს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი კვირიკაშვილი კონგრესემენებს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება და საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსაც დაესწრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)