მარგველაშვილი და კობახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურებზე ვერ თანხმდებიან
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის პროცედურებზე ვერ თანხმდებიან. დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც 4 ივლისს, ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა, რასაც რეგიონის მთავრობის გადადგომა და ახალი მთავრობის ფორმირების პროცედურები მოჰყვა.
საქართველოს კონსტიტუცია, ისევე როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, საქართველოს პრეზიდენტს მთავრობის ფორმირების პროცესში, ფორმალურ როლს ანიჭებს, თუმცა პროცედურები გარკვეულ შეუსაბამობებს შეიცავს და პრეზიდენტს ცენტრალური მთავრობის და რეგიონის მმართველი უმრავლესობის თანხმობის გარეშე, თავმჯდომარის კანდიდატის დასახელების უფლებას ანიჭებს.
თუმცა, ორივე კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კანდიდატურის უზენაეს საბჭოში წარდგენამდე, საბჭოს პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები უნდა გამართოს. ამ მიზნით, მარგველაშვილი 13 ივლისს აჭარას ესტუმრა და ქართული ოცნებას, ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს შეხვდა.
ბათუმში მარგველაშვილი ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს თორნიკე რიჟვაძესაც შეხვდა. ეს უკანასკნელი რეგიონის მმართველმა უმრავლესობამ მთავრობის მომდევნო მეთაურად დაასახელა. თუმცა, 2016 წლისგან განსხვავებით, როდესაც ზურაბ პატარაძე ერთადერთი კანდიდატი იყო მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე, ამჯერად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის სხვა კანდიდატებსაც განიხილავს, მათ შორის ოპოზიციიდან.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ სურს, პროცესი რაც შეიძლება ინკლუზიური იყოს, კონსულტაციები 14 ივლისს განაგრძო, მათ შორის, სამოქალაქო ორგანიზაციებთან, რომელთაც გოჩა გუგუნავას კანდიდატურა წარადგინეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ კონსულტაციები 18 ივლისამდე, ორკვირიანი პერიოდის ამოწურვამდე გაგრძელდება.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია მოახერხებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი მესამე კანდიდატთან, არმაზ ახვლედიანთან შეხვედრას. ეს უკანასკნელი, რომელიც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ყოფილი აღმასრულებელი მდივანი იყო, 15 ივლისს ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა, მათ შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და დემოკრატიულმა მოძრაობამ დაასახელეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე, რომელიც დაჟინებით აცხადებს, რომ პოლიტიკური კონსულტაციები მხოლოდ ფორმალობაა, განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება პროცესის გაჭიანურების თაობაზე „გაუგებარია“. „სიტუაცია არის მარტივი. ჩატარდა 2016 წელს უმაღლესი საბჭოს არჩევნები, სადაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“. „ქართული ოცნება“ ორი მესამედით ანუ მყარი უმრავლესობით არის წარმოდგენილი უმაღლეს საბჭოში და მთავარი განმსაზღვრელი არის, ბუნებრივია, მოსახლეობის ნება, აჭარის მოსახლეობის დემოკრატიული ნება“, – განაცხადა კობახიძემ.
„ხუთი წელი დაგვჭირდა იმის ასახსნელად, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ის კანდიდატი, პრემიერ-მინისტრობის და მთავრობის ის შემადგენლობა, რომელიც გამოხატავს საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ნებას… ახლა გვიწევს, როგორც ჩანს, იმის სწავლებაც პრეზიდენტისთვის, რომ ანალოგიურად უნდა იმოქმედოს მან აჭარაში“, – განაცხადა კობახიძემ და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი „სწორად წაიკითხავს კონსტიტუციას და იმოქმედებს ამ მოცემულობის შესაბამისად“.
საკონსტიტუციო გაუგებრობა
საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, რომ აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში, უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობით, უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა.
თუმცა, დოკუმენტი არ განსაზღვრავს პროცედურებს იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, თუ მთავრობის მეთაურის უფლებამოსილების შეწყვეტა არჩევნებს არ უკავშირდება, მაგალითად როგორც ეს ზურაბ პატარაძის შემთხვევაში მოხდა. ეს პროცედურები აჭარის კონსტიტუციითაა განსაზღვრული, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის დებულებას იმეორებს, თუმცა არ შეიცავს მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტს ცენტრალური მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება.
შედეგად, კონსტიტუციის დებულება პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, რომ კანდიდატი ცენტრალური მთავრობის და რეგიონის მმართველი უმრავლესობის წინასწარი თანხმობის გარეშე დაასახელოს. თუმცა, რეალურად, კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ მას მმართველი პარტიის მხარდაჭერა ექნება, ვინაიდან 21-წევრიანი უზენაესი საბჭოს უმრავლესობის მიერ ნდობის გამოცხადებაა საჭირო მთავრობის დასამტკიცებლად.
თუ უზენაესი საბჭო ორჯერ ვერ დაამტკიცებს კანდიდატს და მის მთავრობას, პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის თანხმობით საბჭო დაითხოვოს და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)