აშშ-ის საელჩო აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ გააგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„ათი წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთი საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეიჭრა. კონფლიქტმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე აიძულა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა და დაიწყო დამანგრეველი ოკუპაცია, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი მოიცვა“.
საელჩოს განცხადებით, ომის შედეგად დევნილები ჯერ კიდევ ვერ უბრუნდებიან საკუთარ სახლებს. „ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას კი წაერთვა შესაძლებლობა, მონაწილე ყოფილიყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესისა“.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასა და ხალხთან, ასევე, ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან, რათა ერთად უზრუნველვყოთ მსოფლიოს უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
რუსეთის ქმედებები სხვა ქვეყნებმაც დაგმეს, მათ შორის: ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, გერმანიამ, იაპონიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, შვედეთმა, უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა. აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელა საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფმაც, რომელიც ეუთოს წევრ 11 სახელმწიფოს აერთიანებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)