საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ტელეფონით ესაუბრა, ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 7 აგვისტოს გაავრცელა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შტატების „მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხაზი გაუსვა, რომ „აშშ არასდროს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“.
მარგველაშვილის ოფისის განცხადებით, მაიკ პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს დახმარებას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებასა და „იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ, კვლავაც არსებობს“.
თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ნატოს ბრიუსელის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის კონკრეტულ გზებზეც ისაუბრეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)