პოლიციამ გატაცებული არასრულწლოვანი გოგო იპოვა
პოლიციამ კახეთში, სოფელ ლამბალოში, 12 ოქტომბერს საკუთარი სახლიდან გატაცებულ 17 წლის არასრულწლოვან გოგოს, გამოძიების დაწყებიდან 6 დღის შემდეგ, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში მიაგნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 19 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოკითხვისას, არასრულწლოვანმა აღნიშნა, რომ მასზე „რაიმე სახის ძალადობას ან/და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია“. უწყების განმარტებით, არასრულწლოვანი ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ადვოკატისა და მთარგმნელის მონაწილებით გამოკითხეს.
შსს-ის ინფორმაციით, არასრულწლოვნის განმარტებით, მან მისი სავარაუდო გამტაცებელი (ს.ი.), რომელიც მისივე თანასოფლელია, რამდენიმე თვის წინ გაიცნო და მასთან ოჯახის შექმნა გადაწყვიტა.
„არასრულწლოვანმა გამოკითხვისას, ასევე განაცხადა, რომ ოჯახის მხრიდან მისი ამ გადაწყვეტილების გამო, მოსალოდნელი იყო მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
უწყებისავე განმარტებით, „არასრულწლოვნის უსაფრთოხების მიზნით და რეალური რისკების გათვალისწიებით“, შემაკავებელი ორდერი გამოიცა. რაც შეეხება არასრულწლოვანს, შსს-ის ცნობით, ის თავშესაფარში გადაიყვანეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)