ქართული ოცნების ლიდერები ახალქალაქის ინციდენტის და ენმ-ის „პროვოკაციების“ შესახებ
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ მმართველი პარტია გუნდის წევრს ენზელ მკოიანს თანადგომას უცხადებს, რომლის ძმაც 30 ოქტომბერს ახალქალაქის რაიონში ოპოზიციური კოალიციის ოფისზე თავდამსხმელებს შორის დასახელდა.
ოპოზიციური კოალიციის წევრები აცხადებდნენ, რომ ქართული ოცნების ათობით მხარდამჭერი, მათ შორის დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმა, მათ ოფისს თავს დაესხა და მათ რამდენიმე წარმომადგენელს დაზიანებები მიაყენა. დაშავებულები მოგვიანებით თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, კობახიძემ ინციდენტს „სამწუხარო“ უწოდა და განაცხადა, რომ ის ნაციონალური მოძრაობის „პროვოკაციულმა“ ქმედებებმა გამოიწვია, რაც „მმართველი გუნდის ხელთ არსებული მტკიცებულებებითაა დადასტურებული“.
„ჩვენ სრულ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელ ენზელ მკოიანს“, – განაცხადა კობახიძემ. „კონფლიქტი დაიწყო სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე პროვოკაცია მოაწყო და ეს იყო რეალურად ამ პროვოკაციის საფუძველი. შესაბამისად, მოვუწოდებ ნაციონალურ მოძრაობას თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ასეთ პროვოკაციებს ექნება ძალიან მკაცრი პასუხი კანონის ჩარჩოებში“, – დასძინა მანვე.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ძალიან მაღალი შედეგი მიიღო, რამაც „ბუნებრივია გააღიზიანა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები“.
ცესკოს ინფორმაციით, ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.46 % (9 861 ხმა), ხოლო გრიგოლ ვაშაძემ ხმების 23.3 1% (3 866 ხმა) მიიღო.
უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კობახიძის მსგავსი პოზიცია გამოხატა და ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების მხარდამჭერების წინააღმდეგ, მათ შორის, სოციალური მედიით, „უღირსი კამპანიის“ წარმოებაში დაადანაშაულა.
„ეს არის რეალურად ძალადობრივი კამპანია, თავდასხმები, შეურაცხყოფა, ის რეალურად, რასაც საზოგადოებამ უარი უთხრა 2012 წელს და არც მომავალში აპირებს საქართველო რომ აირჩიოს ეს სტილი შეურაცხყოფის და დაპირისპირების“, – განაცხადა თალაკვაძემ 2 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
მან ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც მიმართა და განაცხადა: „ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით ყველა იმ წერტილში, სადაც ეს ადამიანები ეცდებიან შეურაცხყოფა მოგაყენონ, სადაც ეს ადამიანები ეცდებიან, რომ თავისი ძველი ხელწერით გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე და მიიღებს ძალიან პრინციპულ პასუხებს იმ თავდასხმებზე და შეურაცხყოფაზე, რომელიც თქვენს მიმართაა გამოვლენილი ამ დღეებში“.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)