ვაშაძის საარჩევნო შტაბი „ტოტალურ“ დარღვევებზე საუბრობს
გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ მეორე ტურის მსვლელობის დროს, უამრავ დარღვევას ჰქონდა ადგილი. საღამოს 7 საათის მდგომარეობით, გაერთიანებული ოპოზიციის დარღვევების სიაში 856 შემთხვევაა ასახული.
12 საათზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საუბრისას, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ძალიან მძიმე მდგომარეობაა საქართველოს მასშტაბით საარჩევნო თვალსაზრისით“. ვაშაძემ ყველაზე პრობლემურ საკითხებს შორის ხმის განმეორებით მიცემა და კენჭისყრის ფარულობის დარღვევა დაასახელა.
ვაშაძის თქმით, ის პირები, რომლებსაც ხმა გადასატანი ყუთების მეშვეობით უნდა მიეცათ, საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და ხმა მისცეს. მისივე თქმით, ამ ადამიანებმა ხმა ორჯერ მისცეს – ერთხელ უბნებზე მეორედ კი, გადასატანი ყუთების მეშვეობით.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა 16:00 საათზე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვის უამრავ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ამომრჩევლებს ფულს სთავაზობდნენ.
გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა დავით ჯანდიერმა 17:00 საათზე ბრიფინგი გამართა, სადაც განმარტა, რომ „კენჭისყრის დღე მიმდინარეობს ტოტალური დარღვევების ფონზე“.
დარღვევებს შორის მან ხმის მიცემის ფარულობის, განმეორებითი კენჭისყრის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლების გაძევების შემთხვევები დაასახელა.
საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)