ზალკალიანი აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა „ახარებს“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება „ახარებს“.

„ჩვენ გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამყარებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა ზალკალიანმა 16 იანვარის მედიასთან საუბარში. ამ დრომდე ის მთავრობის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია, რომელიც ამ ფაქტს ღიად მიესალმა.

„ჩვენ არა მარტო დეკლარაციულად მივესალმებით ამას, არამედ საქმითაც ვადასტურებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკრაინასთან მიმართებით საქართველოს არაერთხელ გამოუხატავს კონკრეტული ქმედებები,მხარდაჭერა. მე მხედველობაში მაქვს საქართველოს მიერ უკრაინასთან ერთად გაეროს ფორმატებში ინიცირებული მრავალი რეზოლუცია, ერთობლივი დეკლარაცია“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.

ანალოგიური გზავნილები 15 ინავარს ქართული ოცნების გაახმოვანა ქართული ოცნების ორმა დეპუტატმაც გაახმოვანა.

„ბუნებრივია, ეს არ არის მხოლოდ რელიგიური საკითხი. რეალურად ეს ნიშნავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ ერთ აღიარებას და მე ამ გამარჯვებას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და საერთოდ ხალხს ვულოცავ“, – განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

„რაც შეეხება ავტოკეფალიასთან დაკავშირებულ და ეკლესიებს შორის ურთიერთობის საკითხებს, ეს, მგონი, თვითონ ეკლესიების საქმეა. მე პირადად შემიძლია მხოლოდ ჩემი პირადი დამოკიდებულება გამოვხატო და სიხარული იმით, რომ მორიგი ნაბიჯი გადაიდგა უკრაინის, როგორც მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

ზალკალიანის განცხადებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკითხზე საპატრიარქოს მიერ ოფიციალური პოზიციის გახმოვანებამდე, საქართველოს ხელისუფლება პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შეიკავებდა.

მოგვიანებით, იგივე პოზიცია დააფიქსირა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა, რასაც ოპოზიციური პარტიების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

15 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უკრაინის ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების თაობაზე მკაფიო პოზიცია უნდა გამოხატოს.

„ეკლესიისკენ ხელის გაშვერა ფუნდამენტურად არასწორია… საზოგადოების წინაშე პირდაპირ ანგარიშვალდებულია ხელისუფლება. ამიტომ, ველი მათ პასუხს, რა არის მათი პოზიცია და რატომ აქვთ ეს პოზიცია“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე განცხადებით, ის, რომ ხელისუფლება მილოცვისგან თავს იკავებს, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს იმიჯზე და მის საერთაშორისო პოზიციებს დააზიანებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)