TBC ბანკი ეროვნული ბანკის მოთხოვნას პასუხობს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 13 თებერვალს განცხადება გაავრცელა, სადაც ის TBC ბანკის აქციონერებისგან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერებას და მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევას ითხოვს. სებ-ის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება აქციონერების საკუთრებაში არსებულ ბანკის წილებს არ შეეხება.
ეროვნული ბანკის განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველი, TBC ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული „ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის“ ფაქტებია, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
TBC ბანკის პასუხი
ეროვნულ ბანკს მალევე TBC ბანკი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ „ბანკი გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას“ და „გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აქამდე საქმიანობას აგრძელებენ TBC ჯგუფის ბრიტანული ჰოლდინგის TBC Bank Group PLC დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოზიციებზე.
„თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში (FTSE250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ „აღნიშნული გარემოება არ იქონიებს გავლენას თიბისი ბანკის განვითარებაზე და სტრატეგიაზე“.
მამუკა ხაზარაძის პასუხი
ეროვნულ ბანკს Facebookის საშუალებით თავად მამუკა ხაზარძემაც უპასუხა. „ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას“, – განაცხადა მან.
მანვე ეროვნული ბანკის მიერ „ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება“ და „რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წარმატებით განხორციელებას დაუკავშირა.
აღსანიშნავია, რომ TBC ჰოლდინგის და ამერიკული კომპანია Conti International-ის ერთობლივმა კომპანიამ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი 2016 წლის თებერვალში მოიგო. TBC ჰოლდინგის მფლობელი სწორედ მამუკა ხაზარაძეა.
ხაზარაძისვე განმარტებით, 11 წლის წინანადელი ტრანზაქციის საკითხი მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ „არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)