წითელი ჯვარი: აფხაზეთის კონფლიქტის და რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაუჩინარებული 23 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 ადამიანის ნეშტი იდენტიფიცირებულია.
კომიტეტმა 15 მარტს Civil.ge-ს განუცხადა, რომ მათ შორისა ის 12 ეთნიკური ქართველი და სამი ეთნიკური აფხაზიცაა, რომლებიც 90-იანი წლების შემდეგ გაუჩინარებულები იყვნენ, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუჩინარებული შვიდი ეთნიკური ქართველი და ერთი ეთნიკური ოსი.
იდენტიფიკაცია იმ სააკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც წითელი ჯვრის მხარდაჭერით 2010 წელს ჩამოყალიბდა და რომლის მიზანიც შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების იდენტიფიცირებაა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, სულ 500-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იქნა აღმოჩენილი, მათგან 200 უკვე იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცათ. კომიტეტი აცხადებს, რომ 2 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, სამხედრო და სამოქალაქო პირები, კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)