გაეროს ელჩები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ და საოკუპაციო ხაზი მოინახულეს
დომინიკის რესპუბლიკის, ესვატინის სამეფოს, ფინეთის, მარშალის კუნძულების, მიკრონეზიის ფედერალური შტატებისა და სენეგალის მუდმივი წარმომადგენლები გაეროში 14-21 აპრილს საქართველოს სტუმრობენ. დღეს ისინი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.
15 აპრილს, ჯგუფი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთს და წეროვანის დევნილთა დასახლებას ესტუმრა.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში კახა იმნაძემ, რომელიც დელეგაციას საოკუპაციო ხაზზე ახლდა, განაცხადა, რომ მსგავსი ვიზიტების მეშვეობით ელჩები საქართველოს რეფორმებს და მის გამოწვევებს ეცნობიან.
„ელჩების ვიზიტის მიზანი არის, რომ მათ ნახონ საქართველო, ნახონ ის წარმატებები, რომელიც ჩვენ გვაქვს და რითაც ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, ასევე ვნახოთ ის დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ და ბუნებრივია, საუბრების დროს ყოველთვის ცენტრალური თემა არის დეოკუპაცია და ის ვითარება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც, სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი“, – განაცხადა იმნაძემ.
ვიზიტის ფარგლებში, გაეროს ელჩები პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიასაც შეხვდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი ვიზიტები ყოველწლიურად იმართება და მათი მიზანი საქართველოს შესახებ ელჩების ინფორმირება და გაეროს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)