განახლება: პანკისში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 55 ადამიანი დაშავდა
პანკისში 21 აპრილს სოფელ ბირკიანისა და ძიბახევის სიახლოვეს, კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მიერ 5 მეგავატიანი მცირე ჰესის მშენებლობის დაწყების მცდელობას ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. შსს-ის ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, 55 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 17 მოქალაქე, 38 კი – პოლიციის თანამშრომელი.
მოვლენების ქრონოლოგია
- პირველი დაპირისპირება
კომპანია „ალაზანი ენერჯიმ“ „ხადორი ჰესის“ მშენებლობა დღეს დილით განაახლა. მშენებლობის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. ხეობაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე, ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად მისულ პანკისელებს სამართალდამცველებმა გზა ჩაუკეტეს და ჰესის მშენებლობის სიახლოვეს მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
მოულოდენელად სიტუაცია უმართავი გახდა. როგორც კადრებიდან ჩანს, სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა ადგილობრივების წინააღმდეგ ხელკეტები, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. თავის მხრივ, ადგილობრივებმა პოლიციელების მისამართით ქვები ისროლეს.
ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძეც, რომელმაც სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ადგილობრივებთან მოლაპარაკება სცადა და ამ მიზნით, მან მოსახლეობას მათთვის სანდო ადამიანების გამოყოფა და სასაუბროდ თელავში წასვლა შესთავაზა. მანვე აღნიშნა, რომ მოცემული მომენტისთვის ჰესის მშენებლობა უკვე შეჩერებული იყო.
- მოლაპარაკებების პირველი რაუნდი
მოლაპარაკებებზე წასვლამდე, საბანაძემ ადგილობრივები გააფრთხილა, რომ „ვინც კანონს დაარღვევდა“ და „პოლიციელს შეეხებოდა“ უმკაცრესად დაისჯებოდა. „სანაცვლოდ გეუბნებით, რომ პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს და მაქსიმალურად ეცდება გაითვალისწინოს ხალხის ინტერესი… პოლიცია მოწოდებულია, რომ აღასრულოს კანონი“, – აღნიშნა მან.
პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, პანკისის ხეობაში ჩასულმა სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების მინისტრებმა ადგილობრივებს, რომლებიც ჰესის მშენებლობას უკვე დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან, პირობა მისცეს, რომ ჰესის მშენებლობასთან მიმართებით გადაწყვეტილება, რისკების სათანადო შესწავლის გარეშე არ იქნებოდა მიღებული.
ადგილობრივებმა შს მინისტრთან მოლაპარაკებისთვის რამდენიმე ადამიანი გამოყვეს, მათ დაბრუნებამდე კი მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ, ხეობაში სიტუაცია დამშვიდდა. ადგილობრივები მოლაპარაკების შედეგებს ადგილზე ელოდებოდნენ.
- მეორე დაპირისპირება
პანკისის ხეობაში სიტუაციის ხელახალი დაძაბვა ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის დამატებითი ჯგუფებისა და სპეციალური საპოლიციო ტექნიკის შეყვანას მოჰყვა. დამატებითი ძალების გამოჩენამ ადგილობრივების პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია. მათ სამართალდამცველებს ქვები და ჯოხები დაუშინეს და შსს-ს კუთვნილი ტექნიკა დააზიანეს. ამას პოლიციელების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. მათ აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიები ესროლეს. გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც.
პარალელურად, მედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ თელავში მოლაპარაკებების მიზნით ჩასულმა პანკისელებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. შეხვედრას, რომელიც თელავის პოლიციის შენობაში მიმდინარეობდა, შს მინისტრის მოადგილესთან კახა საბანაძესთნ ერთად, თავად მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა. მედიისვე ცნობით, ადგილზე იყვნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც.
- მოლაპარაკებების მეორე რაუნდი
შეხვედრიდან მთავრობის წევრებმა პანკისის ხეობაში, მოვლენების ეპიცენტრთან გადაინაცვლეს, ადგილობრივებთან მოლაპარაკება ახლა უკვე იქ სცადეს და მოლაპარაკების მიზნით ადგილობრივ უხუცესებს შეხვდნენ. ადგილზე ჩასულმა შს მინისტრმა აღნიშნა, რომ „არავინ არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოს არცერთი მოქალაქის უფლებების დარღვევას“. რაც შეეხება კითხვას, მოლაპარაკებების პარალალურად, რატომ გახდა საჭირო ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება, მინისტრმა უპასუხა: „დამატებითი ძალების შემოსვლა მოხდა მას შემდეგ, რაც კონფლიქტი უკვე მწვავე ფაზაში იყო შესული“.
უკვე მოლაპარაკებიდან გამოსულმა გახარიამ აღნიშნა, რომ ახლა არა „მტყუან-მართლის“ ძიების, არამედ დამშვიდების დროა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავარკვიოთ, თუ „სად შეგვეშალა, ვის შეგვეშალა“.
მანვე ადგილობრივებს განუცხადა, რომ ჰესის მშენებლები მათთან მოლაპარაკებებს გააგრძელებენ და „ის, რაზეც შეთანხმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული… შევთანხმდით, რომ ჰესს მოსახლეობის 90 % რომ დაუჭერს მხარს, მხოლოდ მაშინ აშენდება“.
მან ადგილობრივებსა და სამართალდემცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებაც შეაფასა და განმარტა, რომ „ქვების სროლა ეს გამოსავალი არ არის“. „ახლა უნდა დავმშვიდდეთ ყველა და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ძმობას, ურთიერთობას და საუკუნოვან ისტორიას შეეფერება… მე აქ ჰესის გამო არ ამოვსულვარ, მე აქ ამოვედი იმიტომ, რომ თქვენ ქვები ესროლეთ ფორმიან ადამიანებს“, – დასძინა მანვე.
- ვითარება პანკისში
ამ მომეტისთვის პანკისის ხეობაში სიტუაცია დამშვიდებულია. სამართალდამცველების დიდმა ნაწილმა დაპირისპირების ადგილი უკვე დატოვა. ვითარების შესწავლის მიზნით, იქ მხოლოდ მათი მცირე რაოდენობა დარჩა. დაწვარია შსს-ს კუთვნილი რამდენიმე ავტომანქანა და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი. ინციდენტის პერიმეტრი ადგილობრივებმაც დატოვეს.
შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)