„რუსთავის 2“-ის საკითხს პოლიტიკოსები და არასამთავრობოები აფასებენ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიას 6 მაისის განცხადებას, სადაც ის ხელისუფლების მხრიდან არხზე მორიგ ზეწოლასა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის ცდელობაზე საუბრობს, პოლიტიკური წრეებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები მოჰყვა.
Civil.ge ამ შეფასებებს გთავაზობთ:
პოლიტიკური შეფასებები
- პრეზიდენტი და მმართველი გუნდი
ხატია მოისწრაფიშვილი – პრეზიდენტის პრესსპიკერი: „საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით სიტყვის თავისუფლება დაცულია და გარანტირებულია კონსტიტუციით. შესაბამისად, გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იყოს სრულიად დაცული“.
კახა კალაძე – თბილისის მერი: „სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიცი, რა სარჩელზეა ლაპარაკი. დღეს საქართველოში ჩვენ გვაქვს თავისუფლება და ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი, თქვენ არავინ არაფერს გიზღუდავთ და ამის ძალიან ბევრი ნათელი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, თუნდაც ბოლო დღეების სიუჟეტები. მე ვერ ვხედავ ამის პრობლემას, რომ საქართველოში ვინმე ვინმეს ზღუდავდეს. პირიქით, ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება“.
მაია ცქიტიშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი: „შევაფასებ, როგორც მორიგ სცენარს „რუსთავი 2“-ის მხრიდან, რომ წარმოაჩინოს, თითქოს რაღაც შეტევას აქვს ადგილი, მაშინ როდესაც მშვენივრად ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“ არაერთხელ აანონსებს შეტევას „რუსთავი2“-ზე, მაგრამ ამავე პერიოდის განმავლობაში რუსთავს აქვს შეუზღუდავი საშუალება გამოხატოს საკუთარი აზრი და მეტსაც გეტყვით, რომ აზრის გამოხატვა სცდება ყოველგვარ ეთიკურ, მორალურ და ზნეობრივ ნორმებს, მათ შორის, ლანძღვა და გინება პირდაპირი ეთერიდან, ასე რომ, ალბათ, ყველანი ვრწმუნდებით იმაში, რომ „რუსთავი 2“-ზე არავითარი შეტევა არ მიმდინარეობს, რა თქმა უნდა და ეს არის მორიგი მცდელობა რუსთავი 2-ის მხრიდან შეცდომაში შეიყვანოს როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება“.
სოფიო კილაძე – ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: „ვფიქრობ, „რუსთავი 2“ არის ზეთავისუფალი თავის სარედაქციო პოლიტიკაში, აქედან გამომდინარე, ცოტა გაუგებარია და უცნაური არის ის, რაც გუშინ ბატონმა გვარამიამ თქვა. ვფიქრობ, ეს არის კერძო დავა… ამ საკითხთან ბიძინა ივანიშვილის დაკავშირება, ჩემი აზრით, არის პოლიტიკური სპეკულაცია“.
- ოპოზიცია
გრიგოლ ვაშაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/ძალა ერთობაშია:„საარჩევნო კამპანიაში დაშინების, მოსყიდვის, შანტაჟის პარალელურად, ე.წ. ხელისუფლებამ, სინამდვილეში კი, ბიძინა ივანიშვილის კრიმინალურმა დაჯგუფებამ, ახალი შეტევა დაიწყო სიტყვის თავისუფლებაზე და სიტყვის თავისუფლების რუპორ – „რუსთავი 2“-ზე. „რუსთავი 2“-ის მთელი ქონების დაყადაღების და სტრასბურგში „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ, ე.წ. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რევანში აიღოს. ბიძინა ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმს დარჩა ერთი – დაუპირისპირდეს საზოგადოებას, გააძლიეროს ოპოზიციის დევნა და მაქსიმალურად ეცადოს, ერთი-ორი შემორჩენილი სიტყვის თავისუფლების რუპორების ჩახშობას, სადაც „რუსთავი 2“, თუ ყველაზე წამყვანი არა, ერთ-ერთი ყველაზე წამყვანია. მას სურს, Fake სარჩელით „რუსთავი 2“ ჩაიგდო ხელში და Fake ნიუსების კიდევ ერთ ფაბრიკად გადააქციოს. ე.წ. ხელისუფლებას მინდა, ვუთხრა, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ყველა ოპოზიციური პარტია, მთელი საზოგადოება „რუსთავი 2“-ს დაიცავს. გეშინოდეთ უფრო გათიშული, ჩახშობილი „რუსთავი 2“-ის, ვიდრე „რუსთავი 2“-ის, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობებს ასრულებს… მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას, მათ შორის, უკიდურეს ფორმებს“.
დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „ნებისმიერი შეტევა, ნებისმიერი ადამიანის მიერ შეტანილი სარჩელი ცალსახად აღიქმება, როგორც გაგრძელება იმ შეტევის, რომელშიც წლების განმავლობაში იმყოფებოდა „რუსთავი 2“. ამიტომ, ამ სარჩელს უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაქცია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც… „რუსთავი 2“-ზე შეტევის გაგრძელებით ხელისუფლება კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ მას, ივანიშვილს უნდა საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც არ იარსებებს განსხვავებული აზრი… „რუსთავი 2“-ის ბედი განსაზღვრავს ვიცხოვრებთ ჩვენ 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში ან ჩრდილო კორეაში, თუ ვიცხოვრებთ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია განსხვავებული აზრის არსებობა“.
ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი: „სიფრთხილე გამოსაჩენი აქვს უდავოდ ხელისუფლებას. „რუსთავი 2“ ყველა ხელისუფლების ცვლილების დროს იყო მუდმივად საჯილდაო ქვა და ხელიდან ხელში გადადიოდა, ანუ მთელი ისტორია აქვს, მაგრამ დღეს კონტექსტიც ძალიან რთულია. ორივე კონტექსტი გასათვალისწინებელია, აქეთ, ერთის მხრივ, სტრასბურგის სასამართლოში ეს საქმე, რომელიც არ დამთავრებულა და მეორეს მხრივ, ძალიან მძიმე კრიტიკული განწყობები სასამართლოს მიმართ, რომელზედაც უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ღიად და დაუფარავად ლაპარაკობენ. ამიტომ, ეს მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს, რა ტიპის გამოწვევაა ახლა და აქ რაღაცა ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება, მე მგონია, რომ ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იქნება“.
გიორგი გუგავა – ლეიბორისტული პარტია: „ბუნებრივია, ეს დაკავშირებულია ყოველივე მოახლოებულ არჩევნებთან, მოახლოებულ პროცესთან, რომელიც აუცილებლად შეიწირავს ივანიშვილს და მის ბანდას. ის იღებს თავის ჭკუით პრევენციულ ღონისძიებებს, რომ გაანეიტრალოს ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე, სიმართლის ციტადელი – „რუსთავი 2“ და ამით ფიქრობს, რომ შეინარჩუნებს ძალაუფლებას და გადარჩება. დავდგეთ ერთად, გავმართოთ ფართომასშტაბიანი აქციები პოლიტიკური მოთხოვნით – დასრულდეს ეს ხელისუფლება. ასეთ შემთხვევაში გადავარჩენთ ქვეყანას, გადავარჩენთ ხალხს, გადავარჩენთ „რუსთავი 2-ს“.
ნინო გოგუაძე – თავისუფალი დემოკრატები: „ყველასათვის ნათელია, რომ ეს არის ხელისუფლების, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, იგი ვერ ეგუება ვერავითარ განსხვავებულ აზრს, მის საკუთრებაშია ყველა სახელმწიფო ბერკეტი, მან დაიმორჩილა სრულიად დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტი სასამართლო და ახლა, ამ სასამართლოთი ცდილობს გააჩუმოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია „რუსთავი 2“.
თამარ კორძაია – რესპუბლიკური პარტია: „საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს იმის, რომ ხელისუფლების ინტერესებია მხოლოდ და მხოლოდ ამ პროცესში და მეტი არავისი… ცალსახაა, რომ ასეთი დავების უკან ყოველთვის შესაძლოა სახელისუფლებო პოლიტიკური ინტერესები არსებობდეს, მით უფრო ჩვენი გამოცდილების ქვეყნებში, სადაც ეს არაერთხელ დადასტურებულა“.
არასამთავრობო ორგანიზაციები
ქეთევან ხუციშვილი – ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი: „ეს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია უშუალოდ 9%-ის მფლობელი რას ითხოვს და რატომ, მაგრამ სამწუხაროდ მეჩვენება, რომ ეს არის ყველაფერი წინა პირობა 2020 წლის არჩევნების, სადაც ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გააკონტროლოს მედია… შესაძლოა სტრასბურგს კიდევ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს“.
ნატა ძველიშვილი – ჟურნალისტური ქარტიის დირექტორი: „დიდი ხანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ზოგადად, „რუსთავი 2“-ის საქმე არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. არ მგონია, ვინმე დარჩა ამ ქვეყანაზე, რომელსაც ჰგონია, რომ ეს არის კერძო დავა მფლობელებს შორის. აქ საქმე ეხება არა „რუსთავი 2“-ს, არამედ იმას, გვქნება თუ არა ქვეყანაში კრიტიკული მაუწყებელი, იარსებებენ თუ არა ისეთი მედიასაშუალებები, რომელიც მიუღებელია მთავრობისთვის, ვინაიდან სწორედ ასეთი მედიასაშუალებების არსებობა ქვეყანაში არის ინდიკატორი დემოკრატიის არსებობის”.
ეკა გიგაური– საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი: „ეს ახალი სარჩელი ცხადია ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ამ გარემოებების შეფასებისას ჩვენ შეიძლება დაუშვათ კიდევაც, რომ ამის უკან ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები დგანან… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ 2020 წლისთვის ჩვენ შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები“.
თამარ კინწურაშვილი – მედიის განვითარების ფონდის თავმჯდომარე: „ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ დავიჯეროთ ის ვერსია, რომ აქ ხელისუფლების ინტერესები იკვეთება… მათთვის მიუღებელია კრიტიკული შინაარსი და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა არის გაცხადებული მიზანი ქართული ოცნების და მმართველი პარტიის და ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ეს 2020 წლის წინ საინფორმაციო ველის მოსუფთავების განზრახვას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)