შსს: ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების პირველი გამავრცელებელი გამოვლენილია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უწყებამ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა.
შსს-ს 23 ივლისის ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვარში მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დ. ა.-მ. სომხეთის ციხიდან ინტერნეტით გაავრცელა. აღნიშნული კადრები დ. ა.-მ სოციალური ქსელის Facebook-ის „მესენჯერით“ რუსეთის მოქალაქე მ. დ.- ისგან მიიღო.
ორივე პირს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ კადრები ფარულად 2012 წლის მაისშია გადაღებული. შსს-ს განმარტებით, სხვა პირთა შესაძლო მონაწილეობის გამოსავლენად საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კვლავ გრძელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 19 პირი.
შსს-ს განცხადებას თავად პარლამენტის წევრი ეკა ბესელიაც გამოეხმაურა, რომელმაც განმარტა, რომ სომხეთში მყოფი ამ პატიმრის თაობაზე უკვე რამდენიმე თვეა ცნობილია და რომ თავის დროზე ეს სერიოზულად არავინ ჩათვალა.
„აქამდე რატომ არ იყო ბრალი წარდგენილი, ეს ერთი კითხვა და მეორე, როცა საგამოძიებო მასალებს გავეცანი, ვიკითხე, დაკითხული იყო თუ არა ეს პატიმარი. მითხრეს, რომ ელოდებოდნენ სომხეთიდან მასალებს, რომ ჩვენი გამომძიებელი არ შეუშვეს და მას არ მისცეს უფლება, რომ დაეკითხათ ეს პატიმარი, რაც ასევე უცნაურია… მესამე – რამდენიმე დღის წინ კიდევ გადავამოწმე იყო თუ არა სომხეთიდან რამე ინფორმაცია ამ პატიმართან დაკავშირებით და პროკურატურამ მითხრა, რომ ეს პატიმარი ჩვენებას არ იძლეოდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, სამართალდამცველებს ისიც ჰკითხა, იყო თუ არა აღნიშნული ადამიანი პირველწყარო, „საიდანაც მოხდა ამ უკანონო ქმედების განხორციელება“, რაზეც უპასუხეს, რომ არა. „ეს იძლევა საფუძველს, რომ ეს ინფორმაცია სერიოზულად მივიღოთ?“, – ამბობს იგი.
ამბის წინაისტორია
შსს-მ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებაზე გამოძიება მიმდინარე წლის 28 იანვარს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში ასეთი შინაარსის კადრების გავრცელებაზე ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა და ამჟამად დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განაცხადა.
მოგვიანებით, თავად ეკა ბესელიამაც Facebook-ის საკუთარი გვერდიდან სამართალდამცველებს მის მიმართ განხორციელებული “მორალური ტერორის” უკან მდგარ პირთა უმოკლეს ვადაში გამოვლენა მოსთხოვა.
აღსანიშნავია, რომ ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროვება იმ პერიოდს დაემთხვა, როცა დეპუტატსა და მმართველ გუნდს შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, ბესელიამ ქართული ოცნებიდან წასვლა გადაწყვიტა.
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთვაზე მედიაში ინფორმაცია მეორედ 26 მარტის საღამოს გავრცელდა. მედიის ცნობითვე, მასალა Youtube-ის პორტალზე დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო.
ეკა ბესელია მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამართალდამცველი უწყების მხრიდან, კადრების გამავრცელებლის პირველწყაროს გამოვლენას ითხოვდა. საკითხთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ბოლო კომენტარი მან 22 ივლისს გააკეთა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების დატოვებამდე მას თანაგუნდელებმა უთხრეს, რომ მას „ვერ დაიცავდნენ“, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რისგან.
მისივე განმარტებით, გამოძიებასაგან ამ დრომდე პასუხის არქონა მიანიშნებდა, რომ „კვალი არ არის შორს იმ პირებისგან, რომელთაც შეიძლება ჰქონოდა[თ] ინტერესი ამ დანაშაულის მოფიქრების, მომზადების და განხორციელების“. მანვე ამ პროცესში არც მმართველი პარტიისა და არც იმ ძალის ჩართულობა გამორიცხა, „რომლის დროსაც მოხდა ამ უკანონო ჩანაწერის განხორციელება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)