ჩრდილოეთ-სამხრეთის საგზაო დერეფნის განვითარებისთვის ADB 415 მლნ დოლარის სესხს გამოყოფს
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 415 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოში ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობის „ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია და სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებასა და საქართველოს, როგორც რეგიონის სავაჭრო და ტურისტულ ცენტრის, დამკვიდრებას შეუწყობს ხელს“.
ADB-ის თანახმად, „ქვეშეთი-კობის გზის პროექტი პირველია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დაგეგმილ გაუმჯობესებათა ნუსხაში. აღნიშნული დერეფანი სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო მიმართულებაა საქართველოს, სომხეთისა და რეგიონული სავაჭრო პარტნიორებისთვის“. ეს დერეფანი ასევე იკვეთება „თბილისის ჩრდილოეთით გამავალ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან და უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დასაკავშირებლად“.
ADB-ის განმარტებით, „არსებული 35-კილომეტრიანი გზა, რომლითაც ყოველდღიურად 3500 ავტომობილი სარგებლობს, წელიწადში 40 დღეზე მეტ ხანს, უმეტესად ზამთრის პერიოდში იკეტება. ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებიც“. 23-კილომეტრიანი შემოვლითი გზა კი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ქვეშეთსა კობს შორის გაივლის, „უფრო უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, ტურისტებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც არსებულ გზაზე გამუდმებით ფერხდებიან, განსაკუთრებით ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე, სადაც ზამთრის პირობებში ზვავსაშიშროების მაღალი დონეა“.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 558.6 მილიონი აშშ დოლარია და მოსალოდნელია, რომ თანადაფინანსების სახით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 60 მილიონ აშშ დოლარს, საქართველოს მთავრობა კი 83.6 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახატაძემ 2 აგვისტოს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ეს არის უნიკალური პროექტი არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“.
მისივე თქმით, „ეს პროექტი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი“. „სწორედ მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციის შედეგად, ჩვენ შევძლებთ, რომ სიღარიბე შევამციროთ და დავძლიოთ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)