ინტერვიუ მეთიუ ბრაიზასთან: ომის დაწყების თემის პოლიტიზება საქართველოსთვის არაჯანსაღია
აგვისტოს ომის მოვლენებს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში მეთიუ ბრაიზა იხსენებს. 2008 წელს ის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე და იმ პერიოდში ვაშინგტონის წამყვანი დიპლომატი იყო კავკასიის საკითხებში. მეთიუ ბრაიზას ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.
ომიდან 11 წელი გავიდა. თუ გავიხსენებთ იმ პერიოდს და რუსეთის აგრესიაზე საერთაშორისო პასუხს, შეგვიძლია იმის თქმა, რომ ომმა გეოსტრატეგიული ვითარება შეცვალა?
გეოპოლიტიკური ცვლილება ის იყო, რომ რუსეთი გახდა უფრო აგრესიული, რის შემდეგაც უკრაინის მოვლენები მივიღეთ. ამას მოჰყვა შეერთებული შტატების გამოღვიძება, რომელმაც დაინახა, თუ რა საფრთხეს წარმოადგენდა რუსეთი თავის სამეზობლოში. თუმცა ეს ცოტა ხანს გაგრძელდა. ვფიქრობ, დასავლეთმა, მათ შორის, ვაშინგტონმაც, არ გააკეთა უფრო მეტი და რუსეთის შეკავებაში მთავარი როლის აღების ნაცვლად, უკან დაიხია. ამან, მოგვიანებით, საფუძველი ჩაუყარა ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკას რუსეთთან. ეს სამწუხარო და სტრატეგიულად დამაზიანებელი ნაბიჯი იყო.
რამდენად შეცვალა საქართველოს ომმა წარმოდგენები რუსეთზე დასავლეთის დედაქალაქებში?
არ შეცვალა, ან შეცვალა არასაკმარისად. ეს მხოლოდ რამდენიმე კვირას გაგრძელდა. თუ გადავხედავთ შეერთებული შტატების სამხედრო პასუხს, ვაშინგტონმა საქართველოსთვის ომის შემდგომ მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებაზე უარი განაცხადა, არა მხოლოდ ანტი-სატანკო შეიარაღების კუთხით – რომელიც საქართველოს და უკრაინას ცოტა ხნის წინ გადაეცათ – არამედ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი იარაღის კუთხითაც კი. შეერთებული შტატები, პრეზიდენტ ბუშის მმართველობის დროსაც კი, ეუბნებოდა საქართველოს, რომ უნდა დაშოშმინებულიყო. შეერთებულ შტატებსა და ევროპას დიდი დრო დასჭირდათ რუსეთის საფრთხის გასაანალიზებლად.
11 წელი გავიდა და ჯერ კიდევ განხილვის საგანია, თუ ვინ დაიწყო ომი. რატომ სვამენ კითხვებს დღემდე ამ საკითხზე?
კითხვები აღარ უნდა იყოს. ნათელია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. წლების განმავლობაში რუსეთი დგამდა ნაბიჯებს, როგორებიცაა პასპორტიზაცია, ქართული დრონების ჩამოგდება, წარსული საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევა და სარკინიგზო მილიტარიზება. რუსეთი ემზადებოდა ომისთვის. თუმცა ის წარმატებულად აკონტროლებდა ნარატივს. რუსეთი თამაშობდა დასავლეთის მიერ სააკაშვილის აღქმაზე, თუ არასწორ აღქმაზე, რომ იგი იმპულსური იყო და აშინებდა დასავლეთს, რომ ეს ახალგაზრდა ლიდერი შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიიყვანდა ვითარებას. ასევე, საზიანო იყო ევროკავშირის ომისშემდგომი ანგარიში, რომელიც მიუთითებდა, რომ საქართველომ გაისროლა პირველი. მე მიმაჩნია, აბსულუტურად შეუძლებელი იყო იმის დადგენა თუ ვინ გაისროლა პირველი, რადგან დაბალი ინტენსივობით სამხედრო კონფლიქტი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ვფიქრობ, მოკლე პასუხი, თუ რატომაა ეს ჯერ ისევ განხილვის საგანი, ისაა, რომ რუსეთმა გაიმარჯვა ნარატივების ბრძოლაში.
ეს საკითხი კვლავ განიხილება საქართველოშიც, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აბრალებენ ომის დაწყებას მიხეილ სააკაშვილს. მათ ომის გამოძიებაც კი დაიწყეს. როგორ ხნით ამას, რატომ დებს ბრალს ომის დაწყებაში საქართველოს მთავრობა თავის წინამორბედს?
მიზეზი ნათელია, ეს პოლიტიკურად გამოსადეგია. თუმცა ამ საკითხის პოლიტიზება, არაა სამართლიანი და ჯანსაღი [მოვლენა] საქართველოსთვის. ჩემთვის სიმართლე ნათელია – ომი რუსეთმა დაიწყო.
ეს ყველაფერი დღეს მიმდინარე მოვლენებს რომ დავუკავშიროთ: თბილისში რუსეთის წინააღმდეგ დემონსტრაციები იმართება. 20 ივნისს მთავრობამ ასეთი დემონსტრაცია სასტიკად დაარბია. ასევე, ვხედავთ მედიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და გვესმის შეკითხვები ბიზნესზე ზეწოლის თემაზე. რას ეტყოდით საქართველოს მთავრობას, რა უნდა გააკეთოს მან, რომ უზრუნველყოს თავისი მოსახლეობის უსაფრთხოება და ამასთან, შეინარჩუნოს დემოკრატიული განვითარების გზა?
პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია, მოუსმინონ ქართველ ხალხს და მათ მტკიცე განწყობას, რომელსაც სურს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში – იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო – ინტეგრაცია. ჩემი აზრით, საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი. ეს ქართველების უმეტესობის შეხედულებაა და თუ გსურს, რომ პოლიტიკაში, დემოკრატიაში, გადარჩე, უნდა მოუსმინო ხალხს და შეინარჩუნო ევრო-ატლანტიკური კურსი.
ეს ერთი და მეორეც, დემოკრატიას რაც შეეხება, საქართველოში ამ კუთხით, ჩემი მეგობრები, თქვენი მეგობრები, დამკვირვებლები, ძალზედ შეშფოთებულნი არიან, რომ ბევრი დემოკრატიული თუ საბაზრო ეკონომიკური რეფორმა უკუსვლას განიცდის. საქართველომ თავისი ძალისა და ტრანს-ატლანტიკური თანამეგობრობისთვის მისი ღირებულების შესანარჩუნებლად, უნდა გააძლიეროს ის რეფორმები, რომლებზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ, იქნება ეს ენერგოსექტორი, ფინანსები, განათლება, ბიზნეს-კლიმატი თუ კონტრაქტის ხელშეუხებლობის სიწმინდე.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება პირდაპირ კავშირშია თბილისის მიერ ამ რეფორმების წარმატებით გაგრძელებასა და საბაზრო ეკონომიკად გადაქცევასთან.
თქვენ ომის დროს შეერთებული შტატების წარმომადგენელი იყავით კავკასიის საკითხებში. როგორი იყო თქვენი პირადი გამოცდილება? როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ევროპელ კოლეგებთან და მოსკოვთან?
მე ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ადგილზე ჩავედი. სახელმწიფო მდივანმა [კონდოლიზა] რაისმა გამგზავნა, როგორც ამერიკის წარმომადგენელი, იქამდე, სანამ თავად ჩამოვიდოდა და ეცდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის დარწმუნებას, რომ დათანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც სარკოზიმ მოილაპარაკა.
მე, ადამიანი რომელიც უძღვებოდა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობებს იმ დროს, ვფიქრობ, რომ ევროპაში ჩვენს წამყვან მოკავშირეებთან, საფრანგეთთან, დიდი ბრიტანეთთან, გერმანიასთან და ა.შ. კარგი თანამშრომლობა გვქონდა. თუმცა ყველაფერზე ვერ ვთანხმდებოდით, რადგან ჩვენი ევროპელი მოკავშირეები ფიქრობდნენ, რომ რუსეთი უნდა დაგვეშოშმინებინა, ეს გულისხმობდა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველო და პრეზიდენტი სააკაშვილი დაემშვიდებინა. მათ ძალიან გვიან გააანალიზეს, რომ რუსეთი სააკაშვილის კუთხეში მომწყვდევას ცდილობდა, საიდანაც გამარჯვებული გამოსვლა ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლებელი იყო. სააკაშვილი ან უნდა შეჰგუებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთისთვის გადაცემას, ან ჩართულიყო ომში.
საბოლოოდ, მხოლოდ 2008 წლის მაისში ჩვენმა ბერლინელმა, პარიზელმა და ლონდონელმა კოლეგებმა დაიწყეს მოსმენა და მცდელობა, უკეთესი გამოსავალი შეეთავაზებინათ საქართველოსთვის, თუმცა ეს უკვე დაგვიანებული იყო.
პრეზიდენტ სარკოზის მიერ მოლაპარაკებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საშინელება იყო. პუტინმა მისი [სარკოზის] მანიპულირება შეძლო. მას ჰქონდა შეთანხმების კარგი ვარიანტიც, რომელიც მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარდ კუშნერმა, ეუთოს მაშინდელი პრეზიდენტი ქვეყნის, ფინეთის, საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდერ სტუბთან ერთად მოილაპარაკა. შემდეგ სარკოზი დაჯდა პუტინთან, კარლა ბრუნისთან ერთად და შეთანხმების ახალი ვერსია შეიმუშავა, რომელიც ისეთი ცუდი იყო, მეორე დღეს საფრანგეთის ელჩს ვუთხარი, რომ უნდა წავსულიყავი, არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა, რადგან ისეთ რამეს ვიტყოდი, რასაც ვინანებდი, იმდენად ცუდი იყო ეს შეთანხმება. იმ საღამოს, საფრანგეთში, სახელმწიფო მდივანმა რაისმა სცადა ამ შეთანხმების ყველაზე საზიანო ნაწილების შეცვლა.
მოკლედ რომ გითხრათ, ვფიქრობ, ჩვენი ევროპელი მოკავშირეები მანიპულაციის მსხვერპლნი გახდნენ. ისინი ბრალს საქართველოს სდებდნენ. ამას ისიც მოწმობს, რომ საფრანგეთმა 2014 წლის ზაფხულამდე არ გააუქმა [სადესანტო ხომალდის] „მისტრალის“ გადაცემა რუსეთისათვის.
და აი, ზუსტად, ამ ბოლო ნაწილზე რომ ვისაუბროთ, რამდენად ერთიანია დღეს ევროპა და დასავლეთი რუსული საფრთხის წინააღმდეგ? გააცნობიერეს თუ არა მათ, უკრაინის მოვლენების შემდეგ, რა მიზნები აქვს მოსკოვს?
დიახ, ვფიქრობ, რომ ერთიანობა არის. ევროპელებმა უკრაინის მაგალითზე ისწავლეს, რომ რუსეთი უნდა შეაკავონ. ის გულუბრყვილო შეხედულება, რომ რუსეთი ერთ-ერთი ჩვენგანია და მას კარგად უნდა მოვექცეთ, აღარ არსებობს. ვხედავთ სოლიდარობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების კუთხით. ევროკავშირი ყოველ ექვს თვეში აახლებს სანქციებს.
თუმცა, არსებობს საფრთხე ამ ერთიანობის წინაშე. პოპულისტი ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ, უნგრეთში თუ იტალიაში, არ არიან ენთუზიაზმით აღსავსენი სანქციების შენარჩუნების თემისადმი. თუმცა, ახლო მომავალში, ეს ერთიანობა შენარჩუნდება და დასავლეთი არ დაივიწყებს გაკვეთილს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი. პრეზიდენტი ტრამპიც საფრთხეა ტრანსატლანტიკური ერთიანობისთვის. ის ამ კავშირებს არღვევს, თუმცა შიდა პოლიტიკური კონიუნქტურა მისთვის შეუძლებელს გახდის, იგნორირება გაუკეთოს იმ რეალურ საფრთხეს, რასაც რუსეთი წარმოადგენს მისი მეზობლების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
მასალა Civil.ge-ისთვის ამერიკის ხმამ მოამზადა. მასალაზე ნებართვისა და სხვა დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ადამ გარტნერს.
This post is also available in: Русский (რუსული)