როცა მიზანი აღიარება არ არის
2008 წლის 26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის ცალმხრივ აღიარებას რუსეთის მიერ, რასაც იგი ამერიკის წინამძღოლობით 2008 წლის დასაწყისში კოსოვოს აღიარებას უკავშირებდა, საერთაშორისო საზოგადოების ენთუზიაზმი არ მოჰყოლია. მას მერე 11 წელი გავიდა, თუმცა კოსოვოსგან განსხვავებით, რომელსაც 101 ქვეყანა აღიარებს, საქართველოს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ 5-მა სახელმწიფომ ცნო. რა გზას ადგას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამ „დამოუკიდებლობით“?
რუსეთის მიმდევრები
2008 წელსვე ნიკარაგუა მსწრაფლ შეუერთდა კრემლს ამ რეგიონების აღიარების საქმეში, ვენესუელამ კი გადაწყვეტილება მომდევნო წელს მას შემდეგ გაიზიარა, რაც რუსეთი იარაღის შეთანხმებაზე ჩავესის რეჟიმს ვენესუელისათვის სასარგებლო პირობებით გაურიგდა. წყნარი ოკეანის მიკრო-სახელმწიფოებმა – ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ – 2009 და 2011 წლებში მიბაძეს რუსეთს, თუმცა რამდენიმე წელიწადში, ვანუატუმ და ტუვალუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება უკან წაიღეს.
დაბოლოს, 2018 წელს, სავარაუდოა რომ რუსეთის ზეწოლით, სირიის პრეზიდენტმა ასადმაც აღიარა ეს ორი რეგიონი. სოხუმმა და ცხინვალმა დიდი სიამაყით გახსნეს დიპლომატიური წარმომადგენლობები სირიაში და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით საშინელი წარსულის მქონე სირიელ ლიდერებს დაუახლოვდნენ.
მოვლენათა განვითარება 2008 წლის შემდეგ
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რომელსაც ათასობით ადამიანის, უმეტესად ქართველების იძულებით გადაადგილება მოჰყვა, ბევრი რამ მოხდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აფხაზეთმაც და სამხრეთ ოსეთმაც ხელი მოაწერეს რუსეთთან ეკონომიკური ინტეგრაციისა და მთელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რუსეთის სამხედრო (და FSB-ს) ფრთებქვეშ გადასვლის შეთანხმებას. დროთა განმავლობაში [შეთანხმებაში შეტანილმა] დამატებითმა შესწორებებმა რეგიონებზე რუსეთის მარწუხები კიდევ უფრო გააძლიერა.
2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ 6 პუნქტიან შეთანხმებაზე ხელმოწერით რუსეთმა აიღო ვალდებულება ჯარები ომამდელ პოზიციებზე დაებრუნებინა. ამის საპირისპიროდ, კრემლმა ორივე რეგიონში რადიკალურად – ჯამში 9000 ჯარისკაცამდე – გაზარდა სამხედრო კონტინგენტი. რუსეთმა ამ ტერიტორიებზე სამხედრო (და სასაზღვრო საპატრულო) ბაზების ფართო ქსელი ჩამოაყალიბა.
ფიზიკური ბარიერების აღმართვითა და [გამყოფი ხაზის] გადაკვეთის მოსურნეთა – უმეტესად საკუთარი ნაკვეთებისა თუ ნათესავების მოსანახულებლად წასული ქართველების – ყოველკვირეული დაპატიმრებებით, რუსეთის უშიშროების ძალები ხელს უშლიან ადმინისტრაციულ საზღვარზე თავისუფალ გადაადგილებას, უზღუდავენ ურთიერთობას იქ მცხოვრებთ ადამიანებს.
დამოუკიდებლობა. იქნებ არც.
როგორც ჩანს, ამის მიზანია, დე-იურე აღიარების არარსებობის ფონზე, რეგიონები რაც შეიძლება მეტად გამოეყონ საქართველოს. თუმცა, რამდენად სერიოზულად ეკიდება ორივე რეგიონი დამოუკიდებლობისადმი სწრაფვას? მაგალითად, სამხრეთ ოსეთი ხშირად მართავს რეფერენდუმებს რუსეთის ფედერაციასთან შეერთებისა და ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიასთან „გაერთიანებისათვის“ (რაც ისტორიული სიყალბეა).
აფხაზეთის მოსახლეობა უფრო სერიოზულადაა განწყობილი დამოუკიდებლობისადმი, თუმცა რუსეთის თამაშებისადმი აფხაზ ლიდერთა უმწეობის წყალობით რეგიონს რუსეთის ფორმალურ ანექსიამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
კოსოვოს პრეცედენტი
რუსეთი და მისდამი სიმპათიით განწყობილი ძალები ხშირად საუბრობენ კოსოვოზე, რითაც მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარდუვალობაზე მიანიშნებენ. ისინი ამბობენ, რომ დასავლეთი ფარისევლურად იქცევა, როცა აღიარებს კოსოვოს, თუმცა არა – საქართველოს რეგიონებს, როცა იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა არა – სერბეთისას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ფაქტობრივად, დასავლეთის პოზიცია საქართველოს რეგიონებსა და კოსოვოზე თანმიმდევრულია, რადგანაც იგი საერთაშორისო (გაეროს) სტანდარტებს შეესაბამება.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას რომ რუსეთის სატელიტი ქვეყნების გარდა ბევრი არავინ აღიარებს, თავად ამ ორი რეგიონის ბრალია. როგორ? გადამწყვეტ ფაქტორს ამ პროცესში წარმოადგენს „სტანდარტები სტატუსამდე“ პოლიტიკის განიხილვაზე მათი უარი. აღნიშნული პოლიტიკა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მექანიზმებსა და ჩარჩოებში აისახება, როგორებიცაა გაერო ან ეუთო. მსგავსი მიდგომა ჩამოყალიბდა 2002 წელს კოსოვოსათვის („სტანდარტები კოსოვოსთვის“ – pdf ვერსია), რაც სრულად ეხმიანებოდა საერთაშორისო ჩართულობითა და ზედამხედველობით შემუშავებულ გაეროს 1244 რეზოლუციას (რაზეც თანხმობა რუსეთმაც განაცხადა).
ეს გულისხმობდა, რომ კოსოვოს ხელისუფლებას, მეტწილად კარგი მმართველობისთვის საჭირო, 100-ზე მეტი წინაპირობა უნდა დაკმაყოფილებინა. კოსოვოს ევალებოდა კანონის უზენაესობისათვის აუცილებელი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, საარჩევნო და პოლიციის რეფორმების განხორციელება, სერბებთან დიალოგის წამოწყება და უმცირესობის უფლებების (კოსოვოში მცხოვრები სერბების) დაცვა, მათ შორის, ორმაგი მოქალაქეობის ვარიანტის არსებობ(ით)აც. იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გახლდათ.
კოსოვოს სამართლებრივ სტატუსსა და მის მომავალზე რომ დაწყებულიყო მსჯელობა, მას ამ რეფორმებისა და ცვლილებების გარანტია უნდა მიეცა საერთაშორისო საზოგადოებისათვის.
სტანდარტები სტატუსამდე
რა ვითარებაა ამ მხრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში? მიუდგნენ თუ არა ისინი სერიოზულად კარგი მმართველობის პრინციპებს? ჩამოაყალიბეს კი მათ კანონის უზენაესობის მდგომარეობა, რომელშიც დაცული იქნებოდა ეთნიკური უმცირესობის უფლებები, მათ შორის, ენის, მოქალაქეობის, განათლების უფლებათა ჩათვლით? შექმნეს კი მათ გარანტიები დემოკრატიული მონაწილეობის უფლების თვალსაზრისით? რა ხდება იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლებაზე? მკითხველთა უმეტესობამ კარგად უწყის პასუხი: არა. არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით.
სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ Freedom House-ის თავისუფლების ინდექსით, აფხაზეთი უკეთეს პოზიციაზეა, ვიდრე – სამხრეთ ოსეთი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთიც მოიკოჭლებს ისეთ წამყვან „სტატუსამდე სტანდარტებში“, როგორებიცაა უმცირესობების უფლებები, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სტანდარტები, დემოკრატია და საარჩევნო კანონმდებლობა. ამას გარდა, ორივე რეგიონი კვლავაც უარზეა, სერიოზულად ჩაერთოს საერთაშორისო დონეზე მათ მომავალ სტატუსთან დაკავშირებით ფართოდ შეთანხმებული მიდგომის შემუშავების პროცესში.
მოდით, განვიხილოთ ზოგიერთი საკითხი, რაც წინ ეღობება ამ რეგიონების სამომავლო სტატუსზე საერთაშორისო საზოგადოების დისკუსიას.
ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია
საერთაშორისო [სამართლებრივი] ჩარჩოსათვის იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება მნიშვნელოვანი პრინციპია. ეს იმიტომ, რომ იგი ეთნიკურად მოტივირებული კონფლიქტების უმთავრეს ასპექტს, ეთნიკურ წმენდას, შეეხება. უარი უთხრა [კონკრეტული] ეთნიკური ჯგუფის ყველა წარმომადგენელს, დაბრუნდეს მშობლიურ რეგიონში, წარმოადგენს ეთნიკური წმენდის პოლიტიკას. ამიტომაცაა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის – იქნება ეს გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო თუ ევროკავშირი – რეზოლუციებში ამ საკითხს მხარს უჭერენ; მეტიც, მისდამი მხარდაჭერა ყოველწლიურად იზრდება. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და სხვა დიპლომატიურ ფორმატებში დევნილთა საკითხზე დისკუსიას არ თანხმდებიან.
ვარაუდობენ, რომ 1990-იანი წლების ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებს 280 000 ქართველი დევნილი ჰყავს, მათ შორის, 26000 მათგანი 2008 წლის ომის შემდეგ. მათ უმეტესობას 25 წელიწადზე მეტია არ აძლევენ საკუთარ სახლებში დაუბრუნების საშუალებას. მათი სახლები ხშირ შემთხვევაში გაძარცვული, ჩამორთმეული ან დანგრეულია. სამხრეთ ოსეთში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში ქართული სოფლები მთლიანად დაანგრიეს. ამ პოლიტიკით ისინი ცდილობენ, რომ დევნილებმა დაბრუნება ვერ მოითხოვონ.
აფხაზეთის 2014 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, გალში მცხოვრებ ქართველებს აფხაზური პასპორტები ჩამოართვეს და 23 000 ქართველს – ამომრჩევლის 20%-ს – ხმის მიცემის უფლება წაართვეს. ხელისუფლება ამბობდა, რომ მათ მოქალაქეობა არაუკანონოდ მოიპოვეს. არჩევნები პირველივე ტურში 50.6%-ით რაულ ხაჯიმბას გამარჯვებით დასრულდა. ხაჯიმბა კრემლის ფავორიტია, რომელმაც მანამდე სამჯერ სცადა გაპრეზიდენტება, თუმცა ამაოდ. ამის შემდეგ ქართველებს აფხაზური მოქალაქეობის მიღება გაურთულდათ.
კოლექტიური დასჯა
აღნიშნული შემთხვევები კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის „კოლექტიური დასჯის“ მაგალითებია. მსგავსი მიდგომები კანონებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და ამ წესრიგის ჩარჩო-ხელშეკრულებათა ყველაზე მნიშვნელოვან საფუძვლებს ეწინააღმდეგება. ეს კი უმთავრესი მიზეზია, რატომაც არ გასცდენია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარება რუსეთსა და მის სატელიტ სახელმწიფოებს.
ორივე რეგიონმა უნდა დაივიწყოს რამე პროგრესი დამოუკიდებლობის აღიარების გზაზე, სანამ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის „კოლექტიური დასჯის“ ღონისძიებებს არ მოეშვება. საერთაშორისო საზოგადოების ხშირი მოწოდება, რომ მსგავსი პრაქტიკა დაუშვებელია, ათ წელიწადზე მეტია აინუნშიაც არ მოსდით: აქედან კი ერთადერთი დასკვნა გამომდინარეობს, რომ არც ერთ ამ რეგიონს, არც მათ მოსკოველ პატრონებს, არ აინტერესებთ დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას მიაღწიონ.
რუსეთის პროტექტორატებად ქცეული ეს რეგიონები, რომლებშიც საერთაშორისო საზოგადოებას განზრახ არ უშვებენ, რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და არა – ადგილობრივ მოსახლეობას. [რუსული] ანექსიის ბეწვზე [ეს ტერიტორიები] იმიტომაც ჰკიდია, რომ საქართველო არ გახდეს საერთშორისო ალიანსების, ნატოსა და ევროკავშირის წევრი. ეს ტერიტორიები [რუსეთის მიერ] იმიტომაა ოკუპირებული, რომ ხელი შეუშალოს აღიარებული დამოუკიდებელი ქვეყნის [საქართველოს] სუვერენიტეტს.
ავტორი: იელგერ ხრუნეველდი (Jelger Groeneveld)
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)