დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, 26 სექტემბერს, ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელები სერგეი ლავროვი და დავით ზალკალიანი შეხვდნენ. ინფორმაცია პირველად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრა შევეიცარიის მხარის ორგანიზებით შედგა, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს ასრულებს.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკასთან დაკავშირებით აზრები გაცვალეს.

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ წერილობით განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. მას შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების პირველი შეხვედრაა.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)