გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა, გიგა ბოკერიამ, დღეს დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროკურატურა მოწმის სტატუსით მის დაკითხვას ითხოვს ხუთი წლის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რომელიც 2010-2013 წლებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მისი მუშაობის დროს, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს უკავშირდება.

ბოკერიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ აპირებს დაკითხვაზე პროკურატურაში მისვლას და ისარგებლებს მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის უფლებით.

მანვე მისი დაკითხვაზე დაბარება ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება, სავარაუდოდ, მისთვის ბრალის წასაყენებლად ემზადება.

„ზოგადად ეს არის ამ სამარცხვინო ლიდერის და მისი კლოუნების აგონიის კლიმატი. ამ მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას… ზოგადად (ჩემზე არ არის აქ საუბარი იმიტომ, რომ გიგი უგულავას, მელიას, სხვა ლიდერებს აქვთ ბრალი წაყენებული, უამრავი გამოძიებაა დაწყებული) ეს მიაჩნია თავის გადარჩენის გზად“, – განაცხადა ბოკერიამ.

„ღრმად ცდება“, – აღნიშნა მან. „ივანიშვილს აქვს ერთადერთი გამოსავალი: ან გადადგას ნაბიჯები განმუხტვისკენ, ანუ უკან წაიღოს შეურაცხყოფა, რაც საზოგადოებას მიაყენა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ან გააგრძელოს ეს უტიფრობა, თუნდაც დაკითხვაზე დაბარებით ან დევნით, და მისთვის ძალიან ცუდად დაამთავროს“, – თქვა ბოკერიამ.

პოლიტიკური დევნის თაობაზე ბოკერიას ბრალდებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა და მას „არასერიოზული“ უწოდა.

„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლების მუშაობის სტილი და ჩვენი ხელისუფლების ღირებულება არის ის, რომ ოპოზიციონერების განეიტრალება მოვახდინოთ მიმდინარე გამოძიებებით“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს, როგორც სხვა მოქალაქეებს, აქვთ ვალდებულება, გამოძიების კითხვებს გასცენ პასუხი.

გამოძიება, რომელიც უშიშროების საბჭოში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას ეხება და რომლის ფარგლებშიც გიგა ბოკერია პირველად 2014 წელს დაკითხეს, უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ სხვადასხვა ამერიკულ ლობისტურ კომპანიებთან გაფორმებულ კონტრაქტებს.

თავის დროზე, ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, ეს კონტრაქტები გასაიდუმლოებული იყო და ბრალს სდებდნენ წინა ხელისუფლებას, რომ ლობისტურ მომსახურებას არა ქვეყნის სასარგებლოდ, არამედ პარტიული ინტერესებისთვის იყენებდა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ბოკერიასთან ერთად, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეში, შესაძლოა, წინა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც – ლევან თარხნიშვილი, ბათუ ქუთელია და დავით სიხარულიძე ფიგურირებდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)