შსს-მ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმეზე 5 პირი დააკავა.
უწყების მიერ 20 დეკემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაკავებულებიდან ერთს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას, ოთხს კი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
„გამოძიებით დადგენილია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ.ღ.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, ცოტნე გამსახურდიას, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
უწყებისვე განმარტებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს – 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება დაშავებულის მეუღლე ანა ჯაბაური და ამბობს, რომ იგი გამორიცხავს ვერსიას, თითქოს ცოტნე გამსახურდიას თავს მხოლოდ ერთი ადამიანის ცდემდა, დანარჩენი კი – უყურებდა.
„ბევრ ადგილზე იყო სისხლი, ნამტვრევები, საიდანღაც მოტანილი ყავარჯნები. მეზობლებმაც დაინახეს, რომ 4-5 კაცი გარბოდა. ნამდვილად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ცოტნეს თავს 4-5 კაცი დაესხა“, – განაცხადა მან მედიასთან საუბისას.
გამსახურდიას ახლობლები მედიასთან საუბარში განმარტავენ, რომ მასზე თავდასხმა, შესაძლოა, ბოლო დროს ხელისუფლების მიმართ მის კრიტიკულ აქტივობებს უკავშირდებოდეს.
ასევე წაიკთხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)