პოლიტიკოსები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას აფასებენ
23 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით“.
ორტაგუსმა ასევე თქვა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს“ და რომ „ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს“.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო ამ შეფასებებს გთავაზობთ.
მმართველი გუნდის შეფასება
გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი: „ვერანაირი თარგმანი ვერ დაამახინჯებს იმას, რაც რეალურად წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში და საკმაოდ ხაზგასმითაც. რამდენიმე დღის წინ იგივე იყო ნათქვამი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მიერ. პროკურატურაც, სასამართლოც და ნებისმიერი სახელმწიფო უწყების საქმიანობა უნდა დაიხვეწოს, გაგრძელდეს. განსაკუთრებით საინტერესოა პროკურატურის საქმიანობა. ნდობის თემა საზოგადოებაში პროკურატურას მეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე აქვს, მაგრამ ახლა მას ეს ნდობა აქვს გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ჰქონდა 2012-მდე და ეს არის ფაქტი“.
კახა კალაძე – ქართული ოცნების გენერალური მდივანი/თბილისის მერი:„მთავარი იყო ის, რომ აფასებენ დადებითად რეფორმას, რომელიც იქნა განხორციელებული სასამართლოს მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აფასებენ ძალიან დადებითად ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რაც მისასალმებელია და რეალურად ხედავენ და აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე დადებით პროცესებს. გამოწვევები არის, რა თქმა უნდა, ყველაფერი საუკეთესოდ არცერთ ქვეყანაში არ არის, არც ყველაზე განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხოდ“.
კახა კუჭავა – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: „ჩვენ ძალიან კარგად წავიკითხეთ ის ტონი, რადგანაც გამოქვეყნდა არამხოლოდ ინგლისურად, არამედ ქართულადაც და ყველას შეუძლია წაიკითხოს და ნახოს და ყველამ შეაფასოს უკვე სილის გაწნა არის, თუ პირიქით შექება. აშკარად შექება არის, აშკარად მხარდაჭერა არის და ერთი უნდა დავიმახსოვროთ, რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი მხარდამჭერი განცხადებები კეთდება ყოველთვის იქნებიან „ფეიკ ნიუსის“ გამავრცელებელი სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც შეეცდებიან ამ მიღწევის, ამ მხარდაჭერის უგულებელყოფას“.
ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნება: „[ოპოზიციაში] არამარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, არამედ სხვადასხვანაირად თარგმნეს ეს განცხადება, რაც მიანიშნებს იმას, რომ არის აშკარა მიკერძოება. სხვანაირად თარგმნიან – [არც] პოლიტიკურ პროკურატურაზე და არც პოლიტიკურ სასამართლოზე აქ საუბარი არ არის. აქ არის საუბარი, რომ უნდა გააძლიეროს საქართველომ ძალისხმევა იმისთვის, რომ არ იყოს უზრუნველყოფილი მიკერძოება პროკურატურის და სასამართლოსი. არც იმაზეა საუბარი, რომ დღეს არის მიკერძოებული პროკურატურა და სასამართლო. ვისაც შეუძლია კითხვა ამ განცხადების და მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ოპონენტებსაც შეუძლია ამ განცხადების სწორად წაკითხვა, მაგრამ სხვანაირად წარმოაჩენენ, ეს განცხადება არის რეალურად მხარდამჭერი“.
ოპოზიციის შეფასება
რომან გოცირიძე – ნაციონალური მოძრაობა: „ეს არის საკმაოდ მძიმე ფორმის მოწოდება, სადაც პირდაპირ არის აღნიშნული, რომ საქართველოში მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა და პროკურატურა არის მიკერძოებული, გამოიყენება პოლიტიკური რეპრესიებისთვის და ის, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად არსებობს პოლიციური რეჟიმი, მიმდინარეობს ოპონენტების პოლიტიკური დევნა“.
ოთარ კახიძე – ევროპული საქართველო: „ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციის ნაწილი – ჩვენ მოვისმინეთ კონგრესის წევრთა განცხადება, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება და ეს განცხადებები იყო ძალიან მკაცრი და ამ ხაზის გაგრძელებაა ეს მოწოდებაც. რა თქმა უნდა, როცა ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ პროკურატურა არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული, ეს უმძიმეს პრობლემაზე მიუთითებს მართლმსაჯულების სისტემაში“.
ანა ნაცვლიშვილი – ლელო საქართველოსთვის: „ამ განცხადებაში არის უჩვეულოდ მკაფიო და მკაცრი აქცენტი გაკეთებული პროკურატურასთან მიმართებით, იმიტომ რომ დღეს პროკურატურას დევნა აქვს დაწყებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალის მინიმუმ ერთი ლიდერის მიმართ მაინც. ასევე, კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალება თითქმის არ დარჩა ქვეყანაში რომლის ან დამფუძნებელს ან ხელმძღვანელს რაიმე სისხლის სამართლებრივი საქმით არ ედავებოდნენ. როგორც მინიმუმ, ეს საქმეები შერჩევითი სამართლის მკაფიო მაგალითებია, ბევრ მათგანს კი – საერთოდ არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)