ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მიერ ერთობლივი განცხადების ჩაგდებას პოლიტიკოსები აფასებენ
12-13 თებერვალს, ევროპარლამენტმა სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-9 შეხვედრას უმასპინძლა. კომიტეტმა ერთობლივი განცხადება ვერ მიიღო, რასაც მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებები მოჰყვა.
„სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.
მმართველი გუნდის შეფასება
არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „დეკლარაციის საკითხი, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის საქართველოს ევროპულ არჩევანს და ევროპულ გზას. [თუმცა], თავისთავად საყურდღებოა და მეგობრებთან, პარტნიორებთან ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და თანამშრომლობას… რაც შეეხება ოპოზიციას – ოპოზიციას შევხდებით არჩევნებში… ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც აქვს ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა ქვეყანაში, თავის წინასაარჩევნო კამპანიას ახორციელებს საზღვარგარეთ ძირითადად … რაც შეეხება ევროპარლამენტს, თქვენ იცით, რომ ევროპის სახალხო პარტია 2012 წელსაც და მანამდეც იყო ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე პოლიტიკური პარტია… ეს არის პოლიტიკური პროცესი, ევროპარლამენტიც არის პოლიტიკური ორგანო და ბუნებრივია, იქაც პოლიტიკური განსხვავებები არის ნორმალური, ეს არავითარ დამატებით დაძაბულობას არ უნდა იწვევდეს“.
მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „ასეთი რეზოლუციები თუ დეკლარაციები შეთანხმების საგანი იყო და არ ჩავარდნილა. ამ შემთხვევაში, ქართულ მხარეს და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არ აპატიეს ის, რომ გიგი უგულავას ქეისი, 20 ივნისის ქეისი, რომელიც აბსოლუტურად სპეკულაციური იყო და ის გადაჭარბებული კრიტიკა ვერ მოხვდა შესაბამის დეკლარაციაში… ნაცებმა უზრუნველყვეს, რომ თავიანთი პარტნიორები არ აღმოჩდნენ ამ დეკლარაციის მხარდამჭერები. ჩვეულებრივი საბოტაჟია საკუთარი ქვეყნის და არა ქართული ოცნების წინააღმდეგ. ვერშეთანხმება ამ დოკუმენტზე პრინციპში ბევრს არაფერს შეცვლის და ასოცირების შეთანხმება გაგრძელდება აღსრულების ნაწილში… ეს არის მავნებლობა, რომელიც განახორციელა ნაციონალური მოძრაობის ორივე შტომ“.
დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი: „პირველად არ მომხდარა, 2013 წელსაც იყო ასეთი პრეცედენტი და 2013 წლის შემდეგ როგორ განვითარდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, იგივე სავიზო ლიბერალიზაციის მიღების თვალსაზრისით, ასოცირების გაფართოების კუთხით, ასევე ახალი ფორმატების დაფუძნების თვალსაზრისით. ანუ დინამიკა ევროკავშირთან ურთიერთობის არამც და არამც არ შენელებულა 2013 წელს და ძალიან კარგად გვახსოვს მაშინაც ოპონენტები როგორ ეწინააღმდეგებოდნენ მსგავს ფორმატებში საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას“.
ოპოზიციის შეფასება
თინა ბოკუჩავა – ნაციონალური მოძრაობა: „ვინ აყენებს საფრთხის ქვეშ საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, ისევე როგორც სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორც ეს ამერიკის შეერთებული შტატებია, უკვე ნათელია ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის და ამიტომ დაიწყეს ასე ღიად საუბარი იმაზე, რომ საჭიროა ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება, [რათა] ხელისუფლების სათავეში მოვიდეს ნორმალური, დემოკრატიული, პროდასავლური, კოალიციური ჯგუფი“.
ოთარ კახიძე – ევროპული საქართველო: „კენჭისყრის შედეგები არის ცნობილი. ევროპარლამენტარებს ეს ტექსტები ჩაუგდეს და შემდგომ ევროპარლამეტარებს უთხრეს, რომ ეს დეკლარაცია მიიღე ამ შესწორებების გარეშე, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არისო და ამ თავხედობას, რა თქმა უნდა, პასუხი გასცა ევროპარლამენტმა და პირველად საქართველო-ევროკავშირის ისტორიაში ჩავარდა საერთო დეკლარაცია. ყველას მუდმივად ვერ მოატყუებ. დასრულდა ივანიშვილის მხრიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორების სიცრუეში შეყვანა და მათ იციან სიმართლე და ისინი არიან ქართული დემოკრატიის, ქართული საზოგადოების გვერდით“.
თამარ ჩუგოშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი: „[დოკუმენტის ჩავარდნა] ეს არ უქმნის საფრთხეს ასოცირების შეთანხმებას, მაგრამ კიდევ უფრო კარგად აჩენს იმ მძიმე განწყობებს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთან დაკავშირებით დასავლურ სტრუქტურებში არსებობს… იმდენად ვამწვავებთ ჩვენ მათთან ურთიერთობას და იმდენად გავიფუჭეთ წლებით, უდიდესი ძალისხმევით ნაშენები ქვეყნის რეპუტაცია, რომ ახლა უკვე გასაკვირი და გამორიცხული სამწუხაროდ არაფერია“.
ხათუნა სამნიძე – რესპუბლიკური პარტია: „უკვე ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა და დღეს გვესმის თავდასხმები ოპოზიციაზე, თითქოს ოპოზიციის ბრალი იყო ის, რომ ჩავარდა დოკუმენტი. სინამდვილეში ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა თავიდან ბოლომდე ის, რომ ქვეყანაშია პოლიტიკური კრიზისი და საათობრივ რეჟიმში ვიღებთ უკვე ძალიან კრიტიკულ შეფასებებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)