საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

აღდგომის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას მიმართავს და მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა თქვა, რომ „ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე დრო დგება და ჩვენ ამ პერიოდის მხოლოდ დასაწყისში ვართ“.

ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა „მოდუნებისა და თვითკმაყოფილების უფლება“ არ გვაქვს და „პირიქით, ახლა იწყება შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა, რომელიც ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და დიდი ალბათობით, მსხვერპლის მნიშვნელოვნად მატებას გულისხმობს“.

პრეზიდენტმა ვიდეომიმართვის დროს, კორონავირუსის ბრძოლის წინააღმდეგ ხელისუფლების ძალისხმევას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მთავრობამ ინფექციის გავრცელების პირველ ეტაპზე „მოახდინა დროული და ეფექტიანი რეაგირება, რამაც ჩვენი ქვეყანა სამაგალითო ქვეყენების რიგში ჩააყენა“. ზურაბიშვილმა იქვე ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მთავრობის მიერ მიღებულ „ყველა ზომას“ მხარდაჭერა გამოუცხადა.

ქვეყნის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ „თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია“ და რომ დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა სწორედ კანონის შესრულებასა და სახლში დარჩენაზე გადის.

პრეზიდენტმა მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მას, როგორც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატის გარანტს, კარგად ესმის, რომ „ეკლესიამ თავისი მსახურება უნდა შეასრულოს, თუნდაც ზოგ შემთხვევაში შეცვლილი ფორმით“. „რაც უნდა სურვილი და იმედი ჰქონდეს ზოგიერთს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს“, – დასძინა ზურაბიშვილმა.

„შინ დარჩენილებიც საერთო ლოცვას შინიდან შევუერთდებით და ამით გავაძლიერებთ ჩვენს ერთიანობასა და სოლიდარობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით კანონი იკანონებს და როგორც აქამდე, სამაგალითოდ დავძლიეთ პირველი კრიზისის ეტაპი, ხვალინდელ მძიმე დღეებსაც გავუმკლავდებით“, – თქვა პრეზიდენტმა და იქვე ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)