„საია“ საგანგებო მდგომარეობის შესახებ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის პასუხისმგბელობის გამკაცრებას ითვალისწინებს და განმარტავს, რომ ცვლილებების ნაწილი „ბუნდოვანია“ და ადამიანის უფლებების სტანდარტებს „არ შეესაბამება“.
ამავე ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა დაისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
აღნიშნული ცვლილებები მიმდინარე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ იმოქმედებს.
25 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში „საია“ განმარტავს, რომ კანონპროექტი მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მის განხილვაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს მონაწილეობა არ მიუღია.
ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ კანონპროექტი დაინტერესებულ პირებს არც გააცნეს და შესაბამისად, არ იყო „მასთან დაკავშირებით შენიშვნების წარმოდგენის შესაძლებლობა“.
აღნიშნულის გათვალისწინებით „საია“-ში აცხადებენ, რომ „საკანონმდებლო პროცესი წარიმართა დახურულად და არ ყოფილა მასში რაიმე ფორმით მონაწილეობის შესაძლებლობა“.
საია-ს განმარტებით, როდესაც ისეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზეა საუბარი, როგორებიცაა – იზოლაციის ან/და კარანტინის წესის, ასევე საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა, ისინი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენებისთვის პრეიუდიციული მნიშვნელობისაა და შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრებაზე გადაწყვეტილებას არა შინანგან საქმეთა და ფინანასთა სამინისტროები, არამედ სასამართლო უნდა იღებდეს.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსში ასახულ ცვლილებებს, „საია“ მიიჩნევს, რომ ის „არაპროპორციულია“ იმ შემთხვევებისთვის, როდესაც რეჟიმის დარღვევას „მნიშვნელოვანი ზიანი“ არ გამოუწვევია.
„საია“ იმასაც განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევა მოცემულ შემთხვევაში, მძიმე კატეგორიის დანაშაულად არ უნდა ჩითვალოს, რადგანაც სასჯელის სახით პრეზიდენტის დეკრეტით მხოლოდ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.
ორგანიზაცია იქვე განმარტავს, რომ ცვლილების მიხედვით – ამგვარ ქმედებაზე სასჯელის სახით ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა მას უკვე „მძიმე დანაშაულთა“ კატეგორიაში აქცევს და ფარული საგამოძიებო მოქმედებების უფლებასაც რთავს.
„საია“ ხაზს იმასაც უსვამს, რომ მიუხედავად პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებისა, არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პრეზიდენტის დეკრეტის მიხედვით განსაზღვრული ნორმები უნდა იყოს გამოყენებული.
ასევე წაიკთხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)