ცხინვალის სასჯელაღსრულების სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა 9 ივნისს „იუსტიციის სამინისტროს“ დაქვემდებარებული სასჯელაღსრულების სამმართველოს უფროსად ალან გუჩმაზოვი დანიშნა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ცხინვალიდან.

გუჩმაზოვმა ოთარ მარგიევი ჩაანაცვლა. საკადრო ცვლილებები მარგიევის დროს ცხინვალის ციხეში პატიმართა არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებს უკავშირდება. წინა დღით, 8 ივნისს, ოთარ მარგიევს უფლებამოსილება შეუწყვიტეს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 5 ივნისს ცხინვალის საპყრობილეში რამდენიმე პატიმარმა ციხის თანამშრომელთა მიერ პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის გასაპროტესტებლად თვითდაზიანებები მიიყენა.

პატიმართა მშობლების ჯგუფი იმავე დღეს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და ციხეში არსებულ სიტუაციაში გარკვევა სთხოვა.

ამასთან, ცხინვალის ციხის ამბების ფონზე, თავს დაესხნენ რეგიონის „იუსტიციის მინისტრის“ საცხოვრებელ სახლს. საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ 8 ივნისს განაცხადა, რომ საქმეზე ოთხი ადგილობრივი მკვიდრია დაპატიმრებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)